პოლიტიკა
დემოკრატია და ხელისუფლების გამჭვირვალობა – საქართველო ევროპის წამყვან ქვეყნებს შორისაა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ფონდ „დემოკრატიების ალიანსის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის „დემოკრატიის აღქმის ინდექსი – 2026“-ის მიხედვით, საქართველომ მთავრობის გამჭვირვალობის დონით ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველო გახდა ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მთავრობის გამჭვირვალობამ რესპონდენტების მხრიდან დადებითი შეფასება მიიღო.

დემოკრატიის აღქმის ინდექსის თანახმად, ევროპაში ლიდერები არიან შვედეთი, ნორვეგია და დანია, მაშინ როდესაც ყველაზე დაბალი შეფასებების მქონე ქვეყნებს შორის აღმოჩნდნენ უკრაინა, საფრანგეთი, სერბეთი, რუმინეთი და რიგი სხვა სახელმწიფოები.

დემოკრატიის აღქმის მაჩვენებლით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს რიგ ქვეყნებს, მათ შორის პორტუგალიას, ლიეტუვას, საფრანგეთს, საბერძნეთს, რუმინეთს, თურქეთს, მოლდოვასა და უკრაინას.

გარდა ამისა, საქართველო შევიდა იმ ქვეყნების ათეულში, სადაც არჩევნების გავლენა ყველაზე დადებითად ფასდება. ამ მიმართულებით ქვეყანა საუკეთესო სამეულშია ევროპისა და ნატოს სახელმწიფოებს შორის უნგრეთსა და აშშ-სთან ერთად, ხოლო ევროპაში მეორე ადგილი უკავია.

კვლევის ფარგლებში ასევე გამოქვეყნდა აღქმის გლობალური ინდექსი, რომელიც ეფუძნება მსოფლიოს 85 ქვეყნის 46.667 რესპონდენტის შეფასებებს. რეიტინგის თანახმად, საქართველომ 38-ე ადგილი დაიკავა მსოფლიოში და შევიდა ევროპის საუკეთესო ქვეყნების ოცეულში.

ამასთან, ევროკავშირი გლობალურ რეიტინგში 47-ე ადგილზე აღმოჩნდა, ნატო – მე-90-ზე, ხოლო გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – 118-ეზე.

კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ პოზიტიური აღქმის დონით საქართველო უსწრებს საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, ლატვიას, ლიეტუვას, ესტონეთს, სლოვაკეთს, ბულგარეთს, თურქეთსა და უნგრეთს.

დემოკრატიის აღქმის ინდექსი (DPI) ითვლება დემოკრატიისადმი საზოგადოების დამოკიდებულების ყველაზე დიდ ყოველწლიურ კვლევად. 2026 წელს კვლევამ მოიცვა 98 ქვეყანა, ხოლო შედეგები ეფუძნება 94 ათასზე მეტ რესპონდენტთან ჩატარებულ ინტერვიუებს, რომლებიც 19 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.