რედაქტორისგან
ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის პრეზენტაცია

prezentacთბილისი, 19 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს განახლდა საგანმანათლებლო-შემეცნებითი ლექციები საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში. 2011 წლის 11 სექტემბერს,წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს, 19:00 სათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის განახლებული საკონფერენციო დარბაზი საზეიმო ვითარებაში გახსნა. საღამოს ესწრებოდნენ უწმიდესი, წმიდა სინოდის წევრები, მეუფეები, ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები.

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი განთავსებულია სამების მთავარი საკათედრო ტაძრის ტერასაზე, ქვემო დარბაზში. იგი თავიდანვე გათვალისწინებული იყო ახალგაზრდული კონფერენციების, სხვადასხვა ღონისძიებისა და შეხვედრა-საღამოებისთვის. დარბაზი გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით.

ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის გახსნის ცერემონიაზე გაკეთებული განცხადებების მიხედვით, 5 წლის განმავლობაში დარბაზში წვიმა ჩამოდიოდა,  რამაც ის იმდენად დააზიანა, რომ იქ რაიმე ღონისძიების გამართვა შეუძლებელი იყო.

უწმიდესის ლოცვა-კურთხევითა და დეკანოზ გიორგი ხარაზიშვილის ხელმძღვანელობით, 2011 წლის აპრილიდან ინტენსიური სამუშაოები ჩატარდა. აღდგენილია 6 000 კვ მ ტერასისა და სამების შემოგარენის საფარი, მთლიანად განახლდა და დამშვენდა ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი.

ახალგაზრდული ცენტრის გახსნის ცერემონიაზე შედგა საპატრიარქოს ახალი ჟურნალის – „უფლის ციხის“, პრეზენტაცია, რომლის რედაქტორიც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლია. ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოვა. პირველივე ნომერი სასიამოვნო და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. ჟურნალში მეტად საინტერესო მასალებია განთავსებული. ჟურნალი „უფლის ციხე“ მკითხველს დახმარებას გაუწევს, უკეთ გააცნობიეროს სულიერი, ეროვნული, კულტურული და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, რაც აუცილებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ ადამიანი შედგეს როგორც პიროვნება და როგორც მოქალაქე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს მისალმება: „უპირველეს ყოვლისა, მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ შენობის განახლებაში მიიღო მონაწილეობა. ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს ეს ადამიანები!

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს დგას, ეს არის ახალი ჟურნალი, რომლის გამოცემაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ჩვენი ეკლესიისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჟურნალი ხელს შეუწყობს ჩვენი ერისა და ეკლესიის გამთლიანებას; იქნება გზათამკვლევი და იმედი მაქვს, რომ არავითარი გაუგებრობა არ იქნება ამ ჟურნალის გამოცემის გამო.

სარწმუნოება, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ეს არის ის საცხოვნებელი საშუალება, რომელიც გადაარჩენს ქართველ ხალხს! შეგვეწიოს ჩვენ წმინდა იოანე ნათლისმცემლის  მადლი!

შემდეგ ხუთშაბათს დარიალის ხეობაში არის წმინდა მთავარანგელოზების მამათა მონასტრის საზეიმო გახსნის ცერემონია! მონასტრის მშენებლობაც უკე დასასრულს მიუახლოვდა. ხუთშაბათს მე თვითონ შევასრულებ პირველ საზეიმო  წირვას. მინდა, გთხოვოთ, ვისაც გაქვთ დრო და სურვილი, ჩამობრძანდეთ დარიალის ხეობაში.

ჯვარი გეწეროთ! ღმერთმა მშვიდობა და სიყვარული მოგცეთ. ღმერთმა  დალოცოს და გააძლიეროს საქართველო. ამინ!“

ღონისძიებაზე მიწვეული იყო საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“, რომლის კორესპონდენტებს სასულიერო პირებმა და მიწვეულმა სტუმრებმა თავიანთი აზრი და შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

დეკანოზი გიორგი ხარაზიშვილი: „ამ დარბაზის აგება, მგონი, უფრო ადვილი იყო, ვიდრე მისი რესტავრირება. სამწუხაროდ, მშენებლობის დროს დაშვებულმა არაერთმა შეცდომამ და მშენებელთა უზუსტობამ უამრავი პრობლემა გამოიწვია, რამაც სერიოზულად დააზიანა ახალგაზრდული ცენტრის დარბაზი. წვიმის ან თოვლის დროს ნალექი ერთი კვირის განმავლობაში ჩამოდიოდა დარბაზში, რის გამოც ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიებების ჩატარება ჩავარდა. ტაძარი ექსპლუატაციაში 8 წლის წინათ შევიდა, ტერასიდან ფოიესა და ახალგაზრდულ ცენტრში წვიმის წყლის ჩამოსვლა კი 5 წლის წინათ დაიწყო.

ერთი პიროვნების მატერიალური მხარდაჭერით, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა, და უწმიდესის ლოცვა-კურთხევით, დარბაზი  მივიყვანეთ  დღევანდელ მდგომარეობამდე. ჩაბარებულ იქნა  6 000 კვადრატული მეტრი საფარი სამების ტერასის და მიმდებარე ტერიტორიის და მთლიანად გარემონტდა დარბაზი. მოგეხსენებათ, ასეთი ადგილებით ჩვენი ახალგაზრდობა განებივრებული არაა, აქ კი შესაძლებლობა ექნებათ, შეხვდნენ, გაუზიარონ ერთამენთს საკუთარი მოსაზრებები და დაგეგმონ სხვადასხვა ღონისძიება.

უდიდესი შრომაა ჩადებული ამ საქმეში!  მადლობა უწმიდესს თანადგომისთვის და მადლობა ყველას, ვინც ამ საქმის ბოლომდე მიყვანაში მცირედი წვლილი შეიტანა“.

მეუფე სტეფანე (კალიჯიშვილი): „გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამების ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში არსებობდა პრობლემები, რომელთა გამოც ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობაც არ იყო. მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა და განახლებული და გალამაზებულია ყველაფერი. სარესტავრაციო სამუშაოებს უძღვებოდა მამა გიორგი ხარაზიშვილი, რომელმაც მართლაც უდიდესი შრომა ჩადო ამ საქმეში.

არაერთი პროექტი ხორციელდება უწმიდესის გავლენით ახალგაზრდებისთვის. დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა უწმიდესს ახალგაზრდების სახელით ასეთი მნიშვნელოვანი საჩუქრისათვის. ახალგაზრდებს ამ დარბაზში მიეცემათ საშუალება, გამართონ სხვადასხვა ლიტერატურული და შემეცნებითი საღამოები“.

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლი, ჟურნალ უფლის ციხის რედქტორი: „თქვენ წინაშეა საქართველოს საპატრიარქოს ჟურნალი „უფლის ციხე“, რომელიც დაფუძნდა საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორეს ლოცვა კურთხევით. ჟურნალი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისათვის და მიზნად აქვს დასახული, დახმარება გაუწიოს მკითხველს სულიერ, ეროვნულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების უკეთ გაცნობაში, რაც გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს იმისთვის, რომ ადამიანი შედგეს, როგორც პიროვნება და როგორც მოქალაქე.

სამწუხაროდ,  ჩვენში ჯერ კიდევ ძლიერია ათეისტური მსოფლმხედველობისა და მისგან გამომდინარე ფასეულობათა სისტემების გავლენა ხალხის ცნობიერებაზე. მართალია, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს და ენდობა ეკლესიას, მაგრამ, ამავე დროს, რაოდენ პარადოქსულად უნდა მოგვეჩვენოს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ნაკლებად არის ქრისტიანობა ჩვენი ქმედებების შეფასების განმსაზღვრელი.

ჩვენი ჟურნალის რედაქცია თავის ფურცლებზე პერიოდულად გააშუქებს ქრისტიანული ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს, საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის მნიშვნელოვან მოვლენებს, კულტურათა შორის ურთიერთობებსა და საზოგადოებრივი ყოფის საჭირბოროტო საკითხებს. კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა „უფლის ციხესთან“, ღმერთმა დაგლოცოთ!“

რუსუდან კერვალიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „ყველა საქმე, რასაც უწმიდესი ახორციელებს, არის ძალიან მნიშნველოვანი და სასარგებლო ქართველი ხალხისთვის. ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ექნებათ ადგილი, სადაც  საშუალება მიეცემათ შეკრების და მათთვის საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებების მოწყობის, რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია. მადლობა ჩვენს უწმიდესს ამ კეთილი საქმისთვის და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმის განხორციელებაში მონაწილეობა მიიღო“.

ზურაბ აბაშიძე, პოლიტოლოგი, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში: „ძალიან კარგი დღეა. თავისთავად ის ფაქტი, რომ იხსნება განახლებული საკონფერენციო დარბაზი ახალგაზრდული ცენტრისა, სასიხარულოა. მისასალმებელია, რომ ეკლესიასა და ახალგაზრდა თაობას შორის არის ასეთი კავშირი. აქ უნდა ჩატარდეს საინტერესო კონფერენციები, სემინარები დღევანდელი დღის აქტუალურ პრობლემებზე. ასევე, ძალიან სასიამოვნოა ახალი ჟურნალი „უფლის ცხის“ გამოსვლა. ვნახე პირველი ნომერი. ძალიან მომეწონა. თანამედროვე დიზაინი აქვს და შინაარსობრივადაც ძალიან საინტერესოა. ვფიქრობ, საზოგადოებას დააინტერესებს ეს ჟურნალი“.

გურამ ახალაია, ფონდ იავნანას ხელმძღვანელი: „ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი საღამო. ნიჭიერი ახალგაზრდობა გვყავს და ეს არის ადგილი, სადაც ბევრი საინტერესო ღონისძიება  შეიძლება გაიმართოს მისი მონაწილეობით. მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდები აქ ყოველდღიურად ივლიან. მოდის ისეთი თაობა, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ეკლესიასთან, ეს ძალიან სასიხარულოა ქართველი ხალხისთვის“.

გიგი წერეთელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: „მივესალმები სამების ახალგაზრდული ცენტრის რესტავრირებული დარბაზის გახსნას. რამდენიმე ადამიანის ფინანსური დახმარებითა და უწმიდესის ლოცვა-კურთხევით ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. მადლობა ყველას, ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო. რაც შეეხება მეორე ფაქტს, ჟურნალ „უფლის ციხის“ პრეზენტაციას, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. უკვე გადავათვალიერე და ძალიან საინტერესო სტატიებია. მართალია, საპილოტე ნომერი ყოველთვის დიდი მონდომებით მზადდება, მაგრამ იმედი მაქვს, სხვა ნომრებიც ასეთივე საინტერესო იქნება. ვუსურვებ რედაქციას, ეს ჟურნალი გამხდარიყოს ყველაზე უფრო საინტერესო საკითხავი საზოგადოების ყველა ფენისთვის“.

 

(საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის პრეზენტაციის ფოტორეპორტაჟი მომზადებულია საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ ფოტოკორესპონდენტების მიერ 2011 წლის 11 სექტემბერს, რომლის ნახვაც მკითხველებს შეუძლიათ ჩვენი საიტის www.saqinform.ge მთავარ გვერდზე „სლაიდ-შოუს“ რუბრიკაში).

 

საქინფორმი