პუბლიკაციები
მარიამ ცაცანაშვილი: „წერილები ქეთოჩას“ (წერილი მესამე, მეოთხე)

caca_ketuchaმარიამ ცაცანაშვილის „წერილები ქეთოჩას“ კონკრეტული პიროვნებისათვის მიწერილი წერილებია, თუმცა ამ შემთხვევაში ქეთოჩა ტიპური სახეა დღევანდელი ახალგაზრდა თაობისა, და ამ წერილებში განხილული საკითხები აქტუალურია ყველასათვის. მათში ქალბატონი მარიამი, ცხოვრებისეული გამოცდილებით დახუნძლული, საინტერესო ყურადსაღებ რჩევებს იძლევა, თუ როგორ გაუადვილდეთ ცხოვრება ახალგაზრდებს დღვანდელ გლობალურ სამყაროში.ქალბატონი მარიამის თითოეული წერილიდან სისპეტაკის, სინაზის, კაცთმოყვარების, ურთიერთმიტევების სითბო იღვრება.

საინფორმაციო-ანალიტიკურმა სააგენტო „საქინფორმმა“ სწორედაც რომ დროულად და საჭიროდ ჩათვალა ამ კორესპონდენციების გამოქვეყნება. ვაგრძელებთ წერილების თქვენთვის წარდგენას და დღეს გთავაზობთ ციკლიდან მესამე და მეოთხე წერილს.

 

წერილი 3. ქუჩის დედაშვილობააგრესიული ველურობა და განათლებული გადაგვარება

გუშინ ნასტიას გადავეყარე. ვერ ვიცანი, გაზრდილა, დარდიანი და მრისხანე თვალებით შემოხედვამ შემაჩერა და ვიდრე გახარებული დავუძახებდი, ქუჩური სიცივით გამოსცრა: ქეთოჩამ უნივერსიტეტი დაამთავრა? ეტყობა, გეძებდა. თავის ჩვეულ ადგილზე იდგა ვაკეში, თი-ბი-სი ბანკთან, თითქოს ცუდად ჩაცმული არ იყო, მაგრამ ღარიბული ცხოვრების ყოფნის დაღი მძიმედ ემჩნეოდა, თავზე „ბენდენა“ წაეკრა, ხელში ძონძებში გამოკრული ჩვილი ეჭირა. ჩემი და შენი ანგარიშით ნასტია ახლა 14 წლის უნდა იყოს. ვერაფერი ვკითხე. ხომ იცი, არ მიპასუხებდა, მაგრამ ისეთი დედაშვილური გრძნობით ჩაჰფრენოდა ბავშვს, რომ კითხვა  ზედმეტი იყო.

დაბნეულმა საფულისაკენ წავიღე ხელი და უცებ ის „აფთრის“ დედაკაცი შევამჩნიე, რამდენიმე წლის წინათ შენი ნაჩუქარი ტანსაცმელი რომ გადაუყარა ქუჩაში. მახსოვს, როგორ განერვიულდი მაშინ – ის ქალი ნასტიას ძალიან ჰგავდა და ვერ ახსენი – თუ დედაა, ასე სასტიკად რატომ ექცევა, ან ნასტია რატომ ითმენსო? თითქოს ვეცადე, ქუჩის კანონები ამეხსნა, მაგრამ მაშინ შენი პროტესტით მივხვდი, რომ უფრო სხვა რაღაც იყო სათქმელი.

ფული ხელში შევაჩეჩე და იმ „აფთრის“ რისხვას რომ გადარჩენოდა, ახლა „ლექსუსის“ მარკის მანქანიდან გადმოსულ ულტრათანამედროვედ გადაპტრანჭულ დედა-შვილისკენ გაიშვირა ხელი სათხოვნელად. „ლექსუსიანმა“ ქალმა კი ნასტიასაკენ თვალებანთებით მიშტერებულ შვილს ბრილიანტის ბეჭდებით დამშვენებული ხელი მხარზე დაადო და კბილებში გამოსცრა: გაეცალე მაგ მათხოვარს, არ დაისვარო! „აფთარმა“ ჩვეული მზერით ჯერ მე შემომხედა, მერე „ლექსუსის“ პატრონებისაკენ გაიწია; აგრესიული ველურობითა და განათლებული გადაგვარებით შემოსილი დედაშვილობის ორეულმა შემზარა. მათთვის ნასტია თავისი შვილით ნივთი იყო: ერთისთვის – საჭირო, მეორესთვის – ამაზრზენი!

დედაშვილობა ქუჩაშიცა და სასახლეშიც, სიღარიბესა და სიმდიდრეშიც ერთი და იგივეა. ის ან ძალადობაა, ან სიყვარული. სადაც შვილი მონაა და დედა მონათმფლობელი, სადაც პურისა და წყლის მიწოდება მადლი კი არა, დამადლებაა, იქ ძალადობაა. სადაც შვილი ღვთით ბოძებული განძია და საკუთარი მადლის ნაწილი, იქ სიყვარულია. უსიყვარულოდ დედაშვილობა ქუჩაშიცა და აპარტამენტებშიც ერთნაირია. ძალიან მინდა, ნასტიაცა და „ლექსუსის“ პატრონიც ქუჩის დედაშვილობიდან დავიხსნა. როგორ მოვიქცე? დედაშვილობის მადლმა, ქეთოჩა, არ მითხრა – თავი დაანებეო.

წერილი 4. რას შეიძენ, ღირსებას რომ ფეხს დაადგამ?!

რაო, ქეთოჩა, ხომ არ გგონია, გეტყვი – არაფერს-მეთქი? ბევრ რამეს შეიძენ, დამერწმუნე, ბევრ რამეს: თავმომწონეობის ნაცვლად – თვალთმაქცობას, არტისტიზმის ნაცვლად – ტაკიმასხარაობას, ღირსების ნაცვლად – ბაქიაობას. შენ გგონია, ეს ცოტაა ამ დროში? თუ ამას არ იზამ, პატიოსნებასთან მარტოდმარტო დარჩენილს სანაგვეში ქექვა მოგიწევს. არ შეგეშინდეს, ნაკლებად გაგკიცხავენ, შენნაირები სხვა სანაგვეს გაქექავენ. თავმდაბლობა და აღზრდით შეძენილი თავაზიანობა უხერხემლობააო, რაღა შენ უნდა იყო უხერხემლო? ნოდარ ანდღულაძეს, გურამ ასათიანს, თამაზ ჩხენკელს, ბაჩანა ბრეგვაძეს ან რეზო ესაძეს რომ ჰკითხო, გავპროზაულდით, სულიერი ინტონაციების სამყარო გაყუჩდაო. სამაგიეროდ, ხედვის ნიჭი გაგვიძლიერდა, ჩემო ნოდარ, ბაჩანა, გურამ და სხვებო.

იცით, რას ვხედავთ? განათებულ ბილბორდებს, ქველმოქმედებით აჭრელებულ ტელევიზიას, მდიდართა ცრემლებს ღარიბთა ყოფაზე. ვინც იმას ვერ ხედავს, რა პატივშია, ვაჭრუკანა, ხარბი, ცბიერი, უვიცი ბრმაა. ჰოდა, პატივსა და კეთილდღეობაზე შენ რატომ უნდა თქვა უარი? ელეონორა რუზველტმა და რენე კარენსმა თუ დაინახეს, ეკლესია და ერი ადამიანის ღირსებას როგორ ბღალავს, ვერ იყვნენ წარმატებულნი და სხვებს დემოკრატიულ ღირებულებებზე ვერ ესაუბრებოდნენ, თუ რა? კაკალაშვილი თუ არა ხარ, რატომ უნდა გიცნობდნენ?! ჯეობარი და ღამის შოუები თუ მოსაწყენია შენთვის – გოიმი და გორსალა ხარ მაშინ. ამგვარად უმრავლესობა ფიქრობს.

რა ვქნა ქეთოჩა, თუ შეგიძლია, გამიგე, ჩემთვის მოცარტისეულ სმენას მოაქვს სულიერება: მე ვეძებ ბგერებს, რომელთაც უყვართ ერთმანეთი! დიახ, ვხედავ სინათლეს გაჩირაღდნებულშიც და მზით გაბრწყინებულ ქალაქშიც. მაგრამ მესმის, რომ ერთი ხელოვნურია, მეორე – ბუნებრივი. ვხედავ, სიყვარულსა და საყვარელს მხოლოდ ერთი ბგერა რომ განასხვავებს; იმასაც ვხედავ, მოღალატის ფეხქვეშ მიწა რომ არ იწვის და ხელისგულზე აქვს ყველაფერი, რასაც ისურვებს. მაგრამ ხმა მესმის ძველი ბერძნებისგან – სინიდისი თანაცოდნას ნიშნავსო. თანამცოდნელნი, იცი, ვინ არიან? შურისმაძიებელი ქალღმერთი – ერინიები, ბასრი კლანჭებით გულ-ღვიძლს რომ დაგიფლეთს, სულს აგიწეწავს და დაბადების დღეს გაწყევლინებს. მზე ბნელდება მაშინ და კვდები. ამგვარად უმცირესობა ფიქრობს.

ვინ იმარჯვებს? ამაზე ერთადერთი პასუხი მაქვს, ქეთოჩა. ეს კულისების ყველაზე სასტიკი დრამაა. უბრალოდ, შენ სად გინდა – უღირს უმრავლესობასთან მცირე ხნით, თუ ღირსეულ უმცირესობასთან მუდამ? დედაშვილობამ, ამიხსენი, და კიდევ ბევრს გეტყვი, რას „შეიძენ“, ღირსებას რომ ფეხს დაადგამ!