რელიგია
თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია დღეს ყაზახეთში გაემგზავრება.
როგორც ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) განაცხადა, დელეგაციის წევრები ყაზახეთში მიტროპოლიტ ალექსანდრეს (მოგილიოვი) მიწვევით ჩავლენ.
21-დან 23 სექტემბრამდე ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში და ალმა-ათაში საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, სადაც ქართული დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას.
მეუფის განცხადებით, მათი ვიზიტის პერიოდში საფრანგეთიდან ყაზახეთში ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს ჩააბრძანებენ, რომელზეც, გადმოცემით, ბავშვობაში წმიდა სერაფიმ საროველი ლოცულობდა.მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ასევე, აღნიშნა, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ქალაქ ყარაგანდაში ქართულ სათვისტომოსთან, სადაც აკურთხებენ ქართული ტაძრის ასაშენებლად გამოყოფილ ადგილს.
„ტაძრის აშენების სურვილი იქაურმა ქართველებმა გამოთქვეს და ეს იქნება პირველი ქართული ტაძარი ყაზახეთში“, – განაცხადა მეუფე სერაფიმემ.