თბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეხმაურება „WikiLeaks“-ის ინფორმაციას სომხური ეკლესიის წინამძღოლთა მიერ აშშ-ის ოფიციალურ პირებისადმი მიმართვებს. „WikiLeaks“-ში გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2009 წელს გაგზავნილ წერილში სომხეთის კათალიკოსი გარეგინ მეორე აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას საქართველოში რელიგიური უმცირესობების მძიმე მდგომარეობით დაინტერესებას სთხოვს. თუკი ვირწმუნებთ წყაროს სანდოობას, წერილში გარეგინ მეორე განსაკუთრებულ ყურადღებას ორ ფაქტორზე ამახვილებს – რელიგიური უმცირესობების სტატუსის პრობლემაზე და რელიგიური ჯგუფებისთვის უძრავი ქონების გადაცემის გაჭიანურებულ პროცესზე.
ამავე წყაროზე დაყრდნობით, სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანი 2009 წელს შეხვდა აშშ-ის ელჩ ჯონ ტეფტს და საქართველოში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის „კანონიერ მოთხოვნებზე“ ესაუბრა. „WikiLeaks“-ის ცნობით, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივ დონეზე სომხური ენის ოფიცილურ ენად გამოყენებაზე, სომხურად განათლების მიღებასა და სადავო საეკლესიო ქონების სომხური მხარისთვის გადაცემაზე.პარტიის განცხადებით, ქართველი საზოგადოება მუდამ გამოირჩეოდა ტოლერანტული მიდგომით უცხო მრწამსისა და არაქართული ეთნოსის ხალხის მიმართ. ჩვენს ქვეყანაში არასდროს მომხდარა რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება და საზოგადოების გარკვეული ნაწილის დევნა ამ მოტივით. განსხვავებით დღეს მოწინავე და დემოკრატიის ექსპორტიორი სხვა ქვეყნებისგან.
ამავე დროს, ქართველი ხალხი არ ივიწყებს იმ ისტორიულ ღვაწლს, რაც ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადარჩენასა და განვითარებაში მიუძღვის მართლმადიდებელ ეკლესიას. სწორედ მართლმადიდებლობა იყო ის მტკიცე საყრდენი, რასაც ასწლეულების განმავლობაში წამყვანი როლი ჰქონდა და მომავალშიც ექნება ქართველი ხალხის ცნობიერების ჩამოყალიბებაში. მიუხედავად ისტორიული მძიმე ვითარებისა, ქართული სამოციქულო ეკლესია მუდამ ახერხებდა ქართველებისთვის ინდივიდუალიზმისა და ეროვნულობის განცდის შენარჩუნებას.
სწორედ ამიტომ საქართველო, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, განსაკუთრებულ როლს ანიჭებს ქართულ სამოციქულო ეკლესიას. ამავე დროს, ინარჩუნებს ტრადიციულად ტოლერანტულ დამოკიდებულებას სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ, რისკენაც ასევე აქტიურად მოუწოდებს ერს მართლმადიდებლური სამღვდელოება.
პარტია „თავისუფალი საქართველო“ ეჭვქვეშ აყენებს „WikiLeaks“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. „ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მოძმე სომეხი ერის სულიერი წინამძღოლნი არას დიდებით დაუშვებდნენ პარტნიორი ქვეყნის ოფიციალური პირებისთვის ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის მიწოდებას. მით უფრო, რომ მიმდინარეობდა მოლაპარაკებები საქართველოში რელიგიური უმცირესობების სტატუსზე და არანაირ საჭიროებას წარმოადგენდა აშშ-ის ჩართვა ამ პროცესში, ამასთან, საქართველოს ევროკავშირის წინაშე აღებული აქვს ვალდებულება რეგიონული ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პარტიის განხცადებაში.
„თავისუფალი საქართველო“ სთხოვს სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანს, აგრეთვე, სომხეთის ელჩს საქართველოში, ბატონ ოვანეს მანუკიანს, გააცნონ საზოგადოებას სომხური მხარის ოფიციალური პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, რათა გაიფანტოს ყოველგვარი ეჭვი.