საზოგადოება
გლეხებისთვის ყურძნის ფასი მიუღებელია

yurdzeni1გურჯაანი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. გურჯაანელი გლეხებისთვის ყურძენზე დღეს არსებული ფასები მიუღებელია. ადგილობრივ მევენახე ზაურ ნაცვლიშვილს ყურძენი ჯერ არ ჩაუბარებია, თუმცა უკვე იცის, რომ ერთ კილოგრამ საფერავში ქარხანა სუბსიდიის ჩათვლით 65  თეთრზე მეტს არ გადაუხდის. იგი მიიჩნევს, რომ ეს საშინელება, ვენახის განადგურება და გლეხის დაუფასებლობაა. მევენახე ამბობს, რომ გასულ წლებთან შედარებით ყურძნის მოვლა-პატრონობა გაცილებით მეტი ხარჯია, რადგან შხამ-ქიმიკატებს ხარისხი გაუფუჭეს და ფასი გაუზარდეს, რის გამოც ვენახის შეწამვლა უფრო ხშირად უწევთ, რაც გაცილებით ძვირი უჯდებათ. „გასართობად კი არ ვშრომობთ, ორი კაპიკი ხომ უნდა დაგვრჩეს, ოჯახი რომ ვარჩინოთ?! მოსავლის მოყვანაზე ამდენი არ გვინერვიულია, რასაც მის რეალიზაციაზე გვანერვიულებენ“, – აცხადებს ზაურ ნაცვლიშვილი.

„რთველი 2011“-ის საკოორდინაციო შტაბში ადასტურებენ, რომ საფერავის ფასი 65 თეთრი იქნება, ხოლო რქაწითელის – 50 თეთრი.  შტაბის ხელმძღვანელ ტარიელ გაბუნიას თქმით, სავარაუდოდ, ფასები არ შეიცვლება.