თბილისი. 17 სექტემბერი. საქინფორმი. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, სოფელ ართანაში ორი ჭაბურღილი და მთის ორი წყაროა, თუმცა ყველა მათგანი დაბინძურებულია. „კომუნისტების დროს გაუქმებული წყლის სათავე ნაგებობა ისევ აამუშავა სოფლის რწმუნებულმა და ონკანში ხვლიკები იჩხირება, წყალს ლოკოკინები და ჭიებიც მოსდევს. ნაგავსაყრელთან ადრე კოლმეურნეობამ ერთი ლაფეტი შხამქიმიკატი ჩაყარა. იქვე იყო ღორების ფერმა და წუმპე. ამ ადგილზე ახლა ჭაბურღილია გაკეთებული. სოფლის რწმუნებულს რომ ვუთხარით, აქ ჭაბურღილის გაკეთება არ შეიძლებოდა, გვითხრა – შენ ნუ დალევო. რაც ეს ჭაბურღილი გააკეთეს, სოფელში ხალხი კიბოთი იხოცება. ეს ამბავი შესასწავლია. წყალი კარგად უნდა შემოწმდეს“, – აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა, რომლის მტკიცებით, სოფელში ხშირია დიზენტერიის შემთხვევებიც.