პოლიტიკა
ქუთაისის საკრებულო ბავშვების ხარჯზე ბიუჯეტს ზრდის

qutaisi_sakrebuloთბილისი, 17 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის პრესცენტრი საქინფორმს ატყობინებს, ქუთაისის საკრებულომ ბიუჯეტში  მორიგი ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, ქუთაისში განთავსებული იუსტიციის სახლისათვის ავეჯის შესაძენად გამოიყო 15000 ლარი, ააიპ თვითმმართველი ქალაქის – ყინულის მოედნისათვის – 290500 ლარი, საკრებულოში შრომის ანაზღაურებისათვის – 78000 ლარი.

„აღნიშნული პროგრამები  დააფინანსეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან შემოსული 150 000  ლარით  და ქუთაისის  ბაგა-ბაღების გაერთიანებას ჩამოაკლეს 287 500 ლარი. არსებულ  ბაგა-ბაღებში ეს თანხა  გათვალისწინებული იყო ბავშვების კვებისათვის და მომუშავე პერსონალისათვის ხელფასის მომატებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

პარტიის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციას უკანონოდ მიაჩნია საკრებულოს აღნიშნული გადაწყვეტილება, რადგან თვლის, რომ იუსტიციის სახლს ავეჯი უნდა შეუძინოს იუსტიციის სამინისტრომ და არა ადგილობრივმა საკრებულომ.

პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძის განცხადებით, ქალაქში, სადაც მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, არ სჭირდება ყინულის მოედანი და  ყოვლად მიუღებელია  ბაგა-ბაღის ბავშვებისთვის საკვების თანხის წართმევა და ამის ხარჯზე საკუთარი ხელფასის გაზრდა. „მოვუწოდებთ ქუთაისელებს, დაიმახსოვრონ დღევანდელი საკრებულოს დეპუტატების  სახელები და გვარები, რადგან მოახლოებული არჩევნების წინ ისინი კვლავ მოვლენ თქვენთან  და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ფიქრით ხმის მიცემას მოგთხოვენ“, – ნათქვამია ზვიად წაქაძის გზავნილში.