პუბლიკაციები
ირაკლი ჭელიშვილი: „ექიმები სასწაულებს არ ახდენენ, ისინი მხოლოდ თავის საქმეს აკეთებენ!“

foto_ekimiიზრდებოდა საბჭოთა პერიოდში, უსმენდა ბითლზს, მეგობრის სარდაფში იღებდა პირველ აკორდებს გიტარაზე, ოცნებობდა შორეულ დასავლეთზე და როკმუსიკოსობაზე... ფრიადოსან მოსწავლეს ექიმი მშობლები სამედიცინო კარიერისთვის ამზადებდნენ... საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმის“ სტუმარია - მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის (საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ფრიდონ თოდუას კლინიკის სახელით უფრო ცნობილი) ნეიროქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი ირაკლი ჭელიშვილი.

– ბატონო ირაკლი, არჩევანი ორ სრულიად განსხვავებულ პროფესიას – ექიმობასა და მუსიკოსობას, შორის გქონდათ, როგორ გადანაწილდა მათი ადგილები თქვენს ცხოვრებაში? 

– ექიმების ოჯახში გავიზარდე, ამიტომაც, ალბათ, დიდი არჩევანიც არ მქონია. ეს ჩვეულებრივი ცხოვრება იყო ჩემთვის – სამსახური, საავადმყოფო... ამიტომაც ჩავაბარე სამედიცინოზე. რაც თავი მახსოვს, მუსიკით ვინტერესდებოდი. დაახლოებით 13 წლის ასაკში სერიოზულად გადავიხარე როკმუსიკისკენ. სამედიცინო რომ დავამთავრე, უკვე  „Soft-eject“-ში ვუკრავდი.

– საქართველოში „Soft-eject-ის ყოფილი ვოკალისტი „პეჩო“ ყველას კარგად გვახსოვს! თავად რა უფრო გინდოდათ?

– მუსიკოსობა იყო ოცნება. ჩვენ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით და მუსიკას ჰქონდა ცოტა განსხვავებული ფორმა. ვოცნებობდით, ინგლისურ როკს ვუკრავდით... საბჭოთა კავშირში კი ეს შეუძლებელი იყო. ეს უნდა გაგეკეთებინა სადღაც, დასავლეთში, რომელიც ჩვენ ზღაპრად წარმოგვედგინა, სადაც ხდება ყველაფერი, რაღაც განსაკუთრებული. ამიტომ წავედით შვეიცარიაში, მაგრამ ჩავრჩით გერმანიაში. მერე უკვე ყველაფერი შემთხვევითობამ განაპირობა და გერმანიაში დავიწყეთ დაკვრა. დროდადრო საქართველოშიც ჩამოვდიოდით და ვუკრავდით. იმ პერიოდში მუსიკის გარდა არაფერზე ვფიქრობდით. იყო 90-იანი წლების დასაწყისი... აფხაზეთის ომი... ყველაფერი დაინგრა... საავადმყოფოებში ისეთი სიტუაცია იყო, შესვლა არ მოგინდებოდა. მაგრამ შემდეგ გერმანიის კლინიკაში აღმოვჩნდი. მამაჩემი მიიწვიეს და მე, ფაქტობრივად, თარჯიმნად გავყევი.

იქაურ ნეიროქირურგიულ კლინიკაში მოხვედრამ ყველაფერი შეცვალა.ნეიროქირურგია განსაკუთრებით საინტერესოა, მართლაც ელიტური სპეციალობაა მედიცინაში. მოგვიანებით გერმანელმა პროფესორმა შემომთავაზა მის კლინიკაში მუშაობა, რაზეც უარი ვერ ვთქვი და ეს იყო მომენტი, როცა გადაწყდა, გავმხდარიყავი ექიმი და მუსიკისთვის თავი დამენებებინა.

– რამდენად რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და როგორ იმოქმედა თქვენმა არჩევანმა ჯგუფზე?

– გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო. როცა მთელი ცხოვრება ოცნებობ რაღაცაზე და უცებ ეს უნდა შეწყვიტო, უმძიმესია. თუმცა იმ პერიოდისთვის მუსიკამ გადამღალა. არა თავად მუსიკის კეთების პროცესმა და დაკვრამ; უბრალოდ, მუსიკა საკმაოდ სუბიექტური რამაა – ნეიროქირურგიისგან განსხვავებით, სადაც ან შეგიძლია, ან – არა.

შესაძლოა, რასაც ვაკეთებდით, არც ისეთი კარგი იყო და ვერ გაიყიდებოდა, მაგრამ მაშინ სულ იყო იმედი, განუწყვეტელი მოლოდინი. აღარ მინდოდა გამუდმებით იმის ყურება, ვინ რას აკეთებს, რა იყიდება, რას უსმენენ... საერთოდ, შოუბიზნესი საკმაოდ ბინძური საქმეა და ამ ყველაფრისგან ცოტა დავიღალე. მომინდა, ჩვეულებრივად ავმდგარიყავი დილით, წავსულიყავი სამსახურში და მეკეთებინა ჩემი საქმე. მიუხედავად ამ მიზეზებისა, მაინც ძალიან გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რადგან მიყვარდა მუსიკა და შესანიშნავად  ვგრძნობდი ჯგუფთან თავს. კოლეგებმა მძიმედ მიიღეს ჩემი არჩევანი, ყოველ შემთხვევაში, ახლა ასე მახსენდება.

ამის შემდეგ  „soft-eject“-ში ცვლილებები მოხდა. მუსიკალური ფორმატი სრულიად შეიცვალა, რადგან მანამდე, ძირითადად, მე ვმღეროდი და ყველაფერი აწყობილი იყო ამ მიმართულებით. მერე ბიჭებმა გადაწყვიტეს, აღარ აეყვანათ ახალი ვოკალისტი და საკმაოდ შეცვალეს მუსიკა. უკეთესი გახდა თუ უარესი, არ აქვს მნიშვნელობა; ფაქტია, რომ შეიცვალა.  „soft-eject“ მხოლოდ სახელია, ჩემი წასვლის შემდეგ დასრულდა რაღაც ეტაპი, კიდევ ერთი ეტაპი – გია  ქარჩხაძის წასვლის შემდეგ. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე ძველი „soft-eject“  აღარ იყო.

– დღეს რომ თავიდან იღებდეთ გადაწყვეტილებას, მოიქცეოდით სხვაგვარად?

– იმ მომენტში გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რა არის ნეიროქირურგია. ეს ავადმყოფობაა. თუ ერთხელ გააკეთებ, შემდეგ ვეღარ მოსწყდები. დღეს ზუსტად შემიძლია, ვთქვა, ასჯერ რომ ყოფილიყო გადაწყვეტილება მისაღები, ასჯერვე მივიღებდი იმავე გადაწყვეტილებას და გავხდებოდი ნეიროქირურგი. ამ საქმიანობის მსგავსი არაფერია ამქვეყნად.

– გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლა როდის  გადაწყვიტეთ?

– თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ იქ ჩასვლის შემდეგ ცოტახანს დავრჩებოდი, ვისწავლიდი და დავბრუნდებოდი. საქართველოში 1998 წელს ჩამოვედი. ამ დროიდან ვმუშაობდი თბილისში, რკინიგზის საავადმყოფოში, მამაჩემთან. 2000 წლიდან კი უკვე თოდუას კლინიკაში ვართ.

– თუ გქონდათ გერმანიაში სამუშაოდ დარჩენის შანსი... და რატომ თქვით უარი?

– ძირითადი მიზეზი მაშინ, ალბათ, იყო მამაჩემი. მას ძნელად წარმოედგინა ჩემი სხვაგან დარჩენა... არც მე მინდოდა. მერე წლების განმავლობაში გრძელდებოდა შემოთავაზებები.  იყო პერიოდი, როცა სერიოზულად ვფიქრობდით გერმანიაში  გადასვლაზე, მაგრამ მაშინაც გადაწყვეტილების მიღებაში ძირითადი როლი ოჯახმა ითამაშა.

 

 

– ამბობთ, რომ გერმანიიდან მამისა და ოჯახის გამო დაბრუნდით. როგორი იყო ურთიერთობა ნეიროქირურგ მამასთან, თქვენ ხომ ერთ კლინიკაში მუშაობდთ... იყო კონკურენცია, სირთულეები?

– მამაჩემი მთელი ცხოვრება იყო ყველაზე დიდი ავტორიტეტი ჩემთვის; ადამიანი, რომელსაც ვბაძავდი და ვეჯიბრებოდი კიდეც.  მამასთან ერთად მუშაობა, გარკვეულწილად, პრივილეგიაა, რადგან შეიძლება ბევრი რამ თქვა. მამაჩემი ავტორიტეტი იყო, მასთან ფრთხილად ვიყავი. დაახლოებით 25 წლის ასაკიდან გავხდით უახლოესი მეგობრები. კლინიკაში  ერთად მუშაობაც ძალიან ახლო მეგობრების ურთიერთობა იყო. თუმცა, რა თქმა უნდა, ის იყო უფროსი, პროფესორი, ჰქონდა დიდი  გამოცდილება. ამავე დროს,  მე თავს  უფლებას  ვაძლევდი, შევკამათებოდი.

მამაჩემი ისეთი ხელმძღვანელი იყო, რომელიც ადვილად იღებდა ახალს. არა მარტო მე, ბიჭებსაც ყოველთვის აძლევდა რაღაცის ცდის საშუალებას. რა თქმა უნდა, ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ იყო. ჩვენ ბევრს ვკამათობდით საოპერაციოში, მაგრამ ეს პროცესი იყო საინტერესო და თავს იმის უფლებას ვაძლევდი, რომ რაღაცაში შევწინააღმდეგებოდი, მეთქვა, რომ ესა თუ ის სხვანაირად უნდა გაგვეკეთებინა. შემდეგ ისიც თავის აზრს მიზიარებდა. უმეტეს შემთხვევაში, საბოლოოდ, ის მართალი იყო, მაგრამ საშუალებას მაძლევდა, რომ მეც მეცადა.

– ნეიროქირურგიის დარგში რა განსხვავებას ხედავდით ამ ორ ქვეყანას – საქართველოსა და გერმანიას, შორის?

– რა თქმა უნდა, იმ წლებში ნამდვილად დიდი განსხვავება შეიმჩნეოდა. საქართველოში ნეიროქირურგიის საკმაოდ კარგი სკოლა იყო. იმ წლებმა და ტექნიკური აღჭურვილობის დიდმა სხვაობამ გამოიწვია, რომ 80-იან წლებში ქართული ნეიროქირურგია საკმაოდ ჩამორჩა სტანდარტს. 90-იან წლებში მხოლოდ და მხოლოდ ექიმების მოწადინებითა და წვალებით შენარჩუნდა ეს ყველაფერი, თანაც – კარგად. საქართველოში ნეიროქირურგიის დარგში  ბევრი საინტერესო რამ გაკეთდა. 2000 წლიდან  მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეიცვალა. ჯერ ერთი, აღჭურვილობის თვალსაზრისით, შემდეგ – ინფორმაცია იყო მეტი. მანამდე, 80-იანი წლების ჩათვლით, ინფორმაციაზეც პრობლემურად მიგვიწვდებოდა ხელი. დღეს ჩვენი ექიმების უმეტესობა ბევრი რამ ისწავლა, ნახა, როგორია გერმანული სკოლა. უკვე საუბარია იმაზე, თუ  როგორ მოარგო იქაური მიღწევები ჩვენს პირობებს, რაც ნამდვილად საჭიროა. ესეც ექიმების ძალისხმევის ხარჯზე ხდება, რადგან თანამედროვე მედიცინა მთელ მსოფლიოში ძალიან ძვირია. შენ უნდა შეუთავსო ეს ძალიან ძვირი მედიცინა ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას და, შესაბამისად, აქციო იაფად.

– ყველა სახის ოპერაციებს აკეთებთ?

– პრაქტიკულად, ყველა ტიპის ოპერაციას ვაკეთებ.  ჩვენი კლინიკა არ მუშაობს სასწრაფო მიღებაზე, ჩვენ გეგმურად ვმუშაოთ. ძირითადად, ჩვენი საქმეა ყველაზე გავრცელებული დაავადებები, ხერხემლის პრობლემები და ნეიროონკოლოგია, თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ყველანაირი სიმსივნე. დღეს კეთდება ისეთი ოპერაციები, რის საშუალებაც ადრე არ იყო.  დაბალი ხარისხის მიკროსკოპები ახალმა აპარატურამ შეცვალა. მედიცინაში ეს ეპოქა რევოლუციურია, ვინაიდან გაჩნდა ნეიროვიზუალიზაცია კომპიუტერისა და მაგნიტური რეზონანსის საშუალებით, ნეიროქირურგიული დაავადებების დიაგნოსტიკამ სულ სხვა დონეს მიაღწია.

ჩვენი კლინიკა  დღეს უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. უზრუნველყოფილია ისეთი ოპერაციების  გაკეთება, რომლებიც ადრე ჩვენთვის მიუღწეველი იყო, თუმცა სხვაგან საკმაოდ დიდ პრაქტიკას ითვლიდა. მაგალითად, ტრანსნაზალური, ცხვირიდან ჰიპოფიზთან მიდგომა. ასევე,  არ კეთდებოდა ოპერაცია ტრიგემინალურ ნევრალგიებზე, რასაც სამწვერა ნერვის ანთებას ეძახიან. ახლა ძალეს ძალზე ეფექტური და დახვეწილი ოპერაციაა.  თავის ტვინის სიმსივნეებზე, რა თქმა უნდა, ადრე ჩვენშიც უამრავი ოპერაცია კეთდებოდა, თუმცა  მიკროტენიკამ ესეც შეცვალა მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ – ჩვენთანაც. შესაბამისად, ადრინდელი და ახლანდელი შედეგები შეუდარებელია. პაციენტების პოსტოპერაციული მდგომარეობაც შეიცვალა. მე არ ვსაუბრობ სასწრაფო შემთხვევებზე (დავუშვათ, ტრავმაზე, ჩემთვის ეს ნაკლებად საინტერესო ნაწილია ნეიროქირურგიაში). ამ მხრივ ქირურგი მხოლოდ ერთ-ერთი კომპონენტია, ძალიან ბევრი რამ თვითონ ტრავმაზეა დამოკიდებული. როგორც უნდა მოიწადინოს ქირურგმა, მძიმე დაზიანების შემთხვევაში შედეგიც შესაბამისი იქნება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ექიმთან დროულად მისვლა?

– სამწუხაროდ, ჯანდაცვის კულტურა ჩვენს ქვეყანაში არ არის სათანადო დონეზე. ეს ნიშნავს ელემენტარული პასუხისმგებლობის გრძნობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.  ეს გამომუშავებული უნდა ჰქონდეს თითოეულ ჩვენგანს და  მეზობლის ნათქვამზე არ მოქმედებდეს. როდესაც საუბარია მედიცინაზე, ერთადერთი, რაც პაციენტს შეუძლია, გააკეთოს, ექიმთან დროულად მისვლაა, რათა დიაგნოზის დასმა არ დაგვიანდეს. ესაა თანამედროვე მედიცინის მთავარი ნაწილი, რაც ხშირად გადამწყვეტია.

სამწუხაროდ, ჩვენ გვიხდება ისეთი რაღაცების კეთება, რასაც განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად ვერ შეხვდები. ძალიან დიდი ზომის სიმსივნეები, უკიდურესად  დაგვიანებული შემთხვევები...   რა თქმა უნდა, ეს პრობლემა უკავშირდება ხალხის მატერიალურ  მდგომარეობას – გაჭირვებას, მაგრამ რაც უფრო დაგვიანებულია მკურნალობა, ხარჯებიც, შესაბამისად, მატულობს.

–  მედიასაშუალებები ხშირად აშუქებენ ექიმების შეცდომებს... ეს, რა თქმა უნდა, აისახება საზოგადოების დამოკიდებულებაზე მედიკოსთა მიმართ. რამდენად პრობლემატურად მიგაჩნიათ დღეს ეს საკითხი?

– ამ გზით ძალზე ადვილად და სწრაფად შეიძლება ექიმების პრესტიჟის დაცემა. სახელის აღსადგენად კი მთელი საუკუნე იქნება საჭირო.

ბევრჯერ მინახვას სიუჟეტი, რომ ექიმი დამნაშავეა და არასოდეს – სადაც ექიმი გაამართლეს.  თითქოს საზოგადოებას სურს, რომ ვიღაც იყოს დამნაშავე, თითქოს ბრძოლა მიდის ექიმების წინააღმდეგ.

ასეთი ბრძოლა ექიმების კომპეტენციას ნამდვილად არ გააუმჯობესებს. მაღალი დონის მედიცინას  ესაჭიროება დიდი ინვესტიციები და  ხელშეწყობა.

მიმაჩნია, რომ, საერთოდ, სანამ მედია გააშუქებს შემთხვევას ექიმის დანაშაულზე, საკითხი ჯერ კომპეტენტურმა სათანადო კომისიამ უნდა განიხილოს. შემდეგ კი, თუ ეს ძალიან აინტერესებს საზოგადოებას, შეიძლება გავიდეს მასმედიაში. დღეს ეკრანზე პირდაპირ ვხედავთ პანაშვიდის კადრებს და ნამდვილი მიზეზის ჩვენება და მისი განხილვა არ ხდება.   პაციენტები იღუპებიან და ჩვენ ამას ვერ შევცვლთ. აუცილებლად იქნება შემთხვევები, როცა მკურნალობა უშედეგოდ მთავრდება. ყველა ასეთი შემთხვევის ექიმისთვის დაბრალება არ არის სწორი. და თუ ექიმი დამნაშავეა, ჯერ ეს დანაშაული უნდა დამტკიცდეს.

ექიმებისაგან ხშირად მოელიან სასწაულს და ამ დროს ექიმები სასწაულებს არ ახდენენ, ისინი აკეთებენ თავიანთ საქმეს...

 

ესაუბრა მარიამ ჭელიშვილი,

საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“