სამართალი
ქუთაისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. 03:00 საათისთვის პოლიციამ მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ ყველა დაკავებული თანამშრომელი გაათავისუფლა.
ამ დროისთვის ქარხანამ მუშაობა აღადგინა. მეტალურგთა პროფკავშირების თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, ამ დროისათვის ყველა დაკავებული გათავისუფლებულია. მათ პოლიციის შენობაშივე განუცხადეს, რომ დილიდან მუშაობა აღედგინათ. „მშვიდობიანი მიტინგი მიმდინარეობდა. დაახლოებით, 21:30 საათზე 50-მდე ავტომანქანა და 200-მდე პოლიციელი მოვიდა. მათ მოშიმშილეების ავტომანქანებიდან პლაკატების ახევა დაიწყეს და განაცხადეს – საჯარიმოზე უნდა გადავიყვანოთო. დაერივნენ მომიტინგეებს და, ძირითადად, ლიდერებს აკავებდნენ. სულ 12-მდე პირის დაკავება დავაფიქსირე. მოგვიანებით 30-მდე პირიც დაუკავებიათ, რომლებიც აქციიდან სახლებში მიდიოდნენ. გუშინ პოლიციის მანქანების თანხლებით შემთხვევის ადგილზე ქუთაისის გუბერნატორიც მოვიდა. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ არცერთი დაკავებული დაკავებულთა ჟურნალში არ იყო გატარებული. პოლიციაში ყველა დაკავებულს ხელწერილი დააწერინეს, რომ პროტესტს აღარ გამოხატავდენ და სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებოდნენ“, – აღნიშნა დოლაბერიძემ. შეგახსენებთ, მეტალურგების საპროტესტო აქცია ქუთაისში სამართალდამცველებმა გუშინ ღამით დაშალეს და აქციის 40-მდე მონაწილე დააკავეს. შრომითი პირობების გაუმჯობესებისა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნით, ქართულ-ინდური საწარმო „ჰერკულესის“ 4 მეტალურგი რამდენიმე დღე შიმშილობდა, 100-მდე მუშას კი 13 სექტემბრიდან გაფიცვა ჰქონდა გამოცხადებული.