სამართალი
რატომ ნადირობენ ლეკვებზე თბილისში...

lekvebiსაინფორმაციო-ანალიტიკურ სააგენტო „საქინფორმს“ ახლახან საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების საზოგადოებასთან ურთიერთობის, ტექნიკური და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი თემურ ლაჭყეპიანი დაუკავშირდა და მეტად აქტუალური და საინტერესო მოსაზრება გაუზიარა. იგი ააშკარავებს საქართველოში ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტებს, ბევრ დრომოჭმულ ტრადიციას და ცხოველთა პოპულაციასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის გზებს გვთავაზობს.

თემურ ლაჭყეპიანი: „4 ოქტომბერი ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ტრადიციულად, ამ დღეს ცხოველთა დამცველების მიერ გაიმართება აქცია ხელისუფლების მიმართ ცხოველთა დაცვის მოთხოვნით, ვინაიდან ქვეყანაში კვლავ გრძელდება ცხოველებისადმი სისასტიკე და მათი წვალება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ პრივილეგიურ პირთა მიერ. ეს კი იკრძალება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად. გარდა ამისა, საქართველოში ცხოველთა დაცვის მიზნით, ფაუნასთან დაკავშირებით დასახვეწია საკანონმდებლო ბაზა(მაგალითად, საერთოდ არ არსებობს კანონი ცხოველთა ტრანსპორტირების შესახებ), უნდა მოხდეს „ცხოველთა უფლებების მსოფლიო დეკლარაციის“ რატიფიცირება.

თბილისის მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ტენდერი ცხოველთა ვეტერინარულ მომსახურებაზე. გასაკვირია, მაგრამ წინასწარ ეწერა, თუ რამდენი ცხოველის ეუთანაზია იქნებოდა აუცილებელი. საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ ტენდერში გაიმარჯვა კომერციულმა ორგანიზაციამ,  შპს „დებიუტმა“,რომელსაც, საჯარო ინფორმაციის თანახმად, ინვენტარად ჰქონდა „100 ც ნახმარი შპრიცი“.

აღშფოთებას იწვევს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის N175 ბრძანება, რომელიც 2011 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში. ამ ბრძანების თანახმად, ნადირობა დასაშვები გახდა რამდენიმე ისეთ სახეობაზე, რომელთა დეფიციტსაც განიცდის ქართული ფაუნა.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების თავმჯდომარე თეიმურაზ წიქორიძის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება უსაფუძვლოა, იგი შემაშფოთებელიცაა. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ იასონ ბადრიძის თქმით, საქართველოში  250-მდე ირემია და, შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტი გაურკვევლობას იწვევს.

თბილისის მერია არ იძლევა საჯარო ინფორმაციას ცხოველის ლეშის განადგურებაზე, რაც დიდ ეჭვს ბადებს საზოგადოებაში კომპანიონი ცხოველების (კატისა და ძაღლის) ხორცის ბიზნესზე. ხშირია პატრონაჟის ქვეშ მყოფი ბრიგადების მიერ, ძირითადად, ლეკვების, რაც დელიკატესად ითვლება ჩინურ სამზარეულოში, დაჭერის ფაქტები. საქართველოში კი, ოფიციალური მონაცემებით, 12 000-ზე მეტი ჩინელია.

კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაა რეგიონებში (ქუთაისი,ბათუმი, ოზურგეთი). იზოლაციის ადგილი დაახლოებით 1 კვ მეტრია, სადაც 15-მდე ძაღლი ჰყავთ ჩამწყვდეული და წყლისა და საკვების გარეშე ასეთ გაუსაძლის პირობებში ხდება კომპანიონი ცხოველების ტრანსპორტირება.

საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტები არ ითვალისწინებენ ცხოველთა პოპულაციის ცივილიზებულ მეთოდებს.

მსოფლიოში აღარ დაობენ იმაზე, რომ ქუჩაში მცხოვრებ ცხოველთა შესამცირებლად ერთადერთი მეთოდი სტერილიზაციაა (გამრავლების უნარის დაკარგვა) და არა მათდამი სისასტიკე ბავშვების დასანახავად და მერე მათი მოკვდინება, ვინაიდან ამგვარ საქციელს თან სდევს პერიფერიებიდან ცხოველების ახალი ნაკადის შემოსვლა. ეს ნაკადი ნაკლებადაა მიჩვეული ადამიანთან ურთიერთობას და რაოდენობაც ვერ მცირდება. თუმცა აღნიშნული მიზეზის გამო, ალბათ, მერიას არც აქვს მიზანი ქალაქში ცხოველთა რიცხვის შესამცირებლად.

4 აპრილს, უსახლკარო ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებამ ურთიერთშეთანმებისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა ცხოველთა დაცვის სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან. ესენია: „საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება“ – GSPSA, „სრულიად საქართველოს ცხოველთა დაცვის საზოგადოება“ და „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების დაცვის ასოციაცია“.

გარდა ამისა, საზოგადოება თანამშრომლობს სხვადასხვა ქართულ (როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში მოქმედ) და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციასთან.

2011 წლის ბოლომდე GSPSA მოამზადებს ყველა დოკუმენტაციას შიდა ქართლში ცხოველთა პოპულაციის მართვისათვის. მომავალ წელს გორში დაიწყება ცხოველთა პოპულაციის მართვა ჰუმანური მეთოდებით (სამაშველო ჯგუფები, თავშესაფარი, სტერილიზაცია – ვაქცინაცია და ა.შ.)

2011 წლის დეკემბერში დაგეგმილია რესპუბლიკური კონფერენცია ცხოველთა დაცვის თემაზე.

საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება თანახმაა, ითანამშრომლოს ადგილობრივ საკრებულოებთან მხოლოდ ცივილიზებული პროექტებისა და პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში“.

P.S. იბადება აბსოლუტურად რეალური კითხვა: რატომ ნადირობს და იჭერს  ძაღლდამჭერი ბრიგადები ლეკვებს, რატომ ნადგურდება ყველა ძაღლი და სად მიდის თბილისში ათასობით დაჭერილი და მოკლული ძაღლის ლეში? საქართველოში, ოფიციალური მონაცემებით, 12 000-ზე მეტი ჩინელია...