პოლიტიკა
კათოლიკოს-პატრიარქი: „ახალ სამონასტრო კომპლექსს შეუძლია, ქვეყნების მეთაურთა შეხვედრასაც უმასპინძლოს“

patriark_gruziiთბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ

დარიალის ხეობაში ახალი სამონასტრო კომპლექსის გახსნისას განაცხადა, რომ ეს იქნება ადგილი, სადაც შესაძლოა, ქვეყნების მეთაურებმა მოლაპარაკებები გამართონ და აღნიშნა, რომ ამ ტაძარმა „სასწაული“ შეიძლება მოახდინოს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო და რუსეთი „ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან“.

ყაზბეგის რაიონში რუსეთ-საქართველოს საზღვართან მთავარანგელოზთა სახელობის მამათა სამონასტრო კომპლექსის გახსნას 15 სექტემბერს  პრეზიდენტი სააკაშვილიც დაესწრო.

„რუსეთის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანები და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში – საქართველოში“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა.

„აქ შეიძლება შედგეს მოლაპარაკება ქვეყნების მეთაურების, ისეთი მაღალი დონე იქნება ამ მონასტრის“, – აღნიშნა მან.

„და ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ და ვფიქრობ, რომ ეს სასწაული გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობაში იქნებიან. ბატონო მიხეილ, ბატონო პრეზიდენტო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს“, – მიმართა ილია მეორემ პრეზიდენტ სააკაშვილს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 15 სექტემბერს გავრცელებულ პრესრელიზში განაცხადა: „ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ყურადღება გაამახვილა ამ მონასტრის მნიშვნელობაზე, რადგან მონასტერი დარიალის ხეობაში საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარეობს. უწმიდესმა და უნეტარესმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ტაძრის მადლით, ორი ქვეყანა ურთიერთობას აღადგენს და ისევ მშვიდობა დამკვიდრდება“.

სააკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, კერძო შემოწირულობებთან ერთად, „ძირითადი დაფინანსება წამოვიდა საქართველოს მთავრობისგან“.

„განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვე, როცა ზოგიერთი პოლიტიკოსი თბილისში ძალიან აქტიურად ლაყბობდა და ყიყინებდა – სხვა სიტყვა არ ქვია ამას – იმის თაობაზე, თუ როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა, ე.ი. ჩვენ როგორ ვებრძვით ეკლესიებს, ჩვენ ამასობაში ვაშენებდით ამ ეკლესიას და კიდევ ასობით სხვა ეკლესიას ვაღდგენდით, ვაშენებდით“, – გაიმეორა მან ცოტა ხნის წინათ გაკეთებული ანალოგიური განცხადება.

„და ასე გავაგრძელებთ მომავალში. იმიტომ, რომ ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, ეს არის საქართველოს უმთავრესი სულიერი მემკვიდრეობა; ეს არის საქართველოს იდენტურობის, მეობის, ჩვენი ევროპულობის – ყველაფრის ძალიან მნიშვნელოვანი პასპორტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის: მამათა სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. გუშინ ეკურთხა ყოველთა ქართველთა წმინდანთა სახელობის ტაძარი, დღეს წირვა გაიმართა წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში.

დაგეგმილია კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობა, რომელიც წმიდა გიორგის სახელობის იქნება.

სამონასტრო კომპლექსში დაგეგმილია 150 ბერისა და მორჩილისათვის კელიების, სასტუმროს, აგრეთვე, საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობა.