ზუგდიდი. 16 სექტემბერი. საქინფორმი. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 17 წლის ნიკა დაგარგულიას საქმეზე არსებითი განხილვა გუშინ დაიწყო. ბრალდებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით არის აღძრული. ეს მუხლები კი ძარცვასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ნიკა დაგარგულია სპორტსმენია. კოხტა კოდუა სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მას მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა. ნიკა დაგარგულიას მიერ პოლიციელ კოხტა კოდუას ცემის ფაქტი საქმის მასალებში ფიგურირებს, თუმცა გაუპატიურების მცდელობასა და ბრალდებულის ცემაზე არაფერია ნათქვამი.
სასამართლომ გუშინდელ სხდომაზე მხოლოდ ერთი მოწმე – პოლიციელი ირაკლი გვიჩიანი, დაკითხა, რომელმაც დაგარგულია დააკავა 24 ივნისს. პროკურატურამ სხვა მოწმეები ვერ წარმოადგინა.
პროკურორ ლევან საჯაიას თქმით, კოხტა კოდუა თბილისში მივლინებით იმყოფება. დაზარალებული ალისა ჩხაპელია კი დასასვენებლად არის წასული. მოწმეების გამოუცხადებლობის გამო სასამართლო სხდომა დასრულდა და ის 28 სექტემბერს განახლდება.
დაგარგულიებს მრავალშვილიანი ოჯახი აქვთ. ისინი სოციალურად დაუცველები არიან. ახლობლები ნიკა დაგარგულიას დადებითად ახასიათებენ. მათი თქმით, ნიკამ ქურდობა ახლობლის ვალის გამო ჩაიდინა. დაკავებულის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.