თბილისი, 16 სექტემბერი, საქინფორმი. რამდენიმე დღის წინათ თბილისში ამბასადორიალი გაიმართა. საზღვარგარეთ აკრედიტებული ქართველი ელჩების წინაშე მთავრობის წევრები წარდგნენ. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი გახლდათ, რომელმაც საკუთარი უწყების სფეროზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა, თუ როგორ მიდის დევნილებისთვის ფართის დაკანონების პროცესი და აღნიშნა, რომ ფოთში უკვე დასრულდა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, სადაც დევნილები შესახლდნენ და დასძინა, რომ მშენებლობები ზუგდიდში, წყალტუბოსა და ბათუმშიც გაგრძლდება.
სუბელიანის თქმით, დევნილთა განსახლების პროცესი არ დასრულებულა და ამ ეტაპზე 40 000 დევნილ ოჯახზე მეტი ფართით დასაკმაყოფილებელი რჩება. სუბელიანის გამოსვლის შემდეგ საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ალექსანდრე ლომაიამ აღნიშნა, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც საქართველოში რამდენიმე თვის წინათ იმყოფებოდნენ და დევნილთა ჩასახლებები დაათვალიერეს, შესრულებულ სამუშაოებს მაღალი შეფასება მისცეს. მისი თქმით, „ელჩებმა აღნიშნეს, რომ დევნილებს არცერთ ქვეყანაში ისეთი პირობები არ აქვთ შექმნილი, როგორც საქართველოში – საქართველოში დევნილებისთვის შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი კეთდება. შესაბამისად, აღნიშნულ მოხსენებაშიც ასახეს, რომელიც შემდგომ მომზადდა“.საინტერესოა, დევნილებით დასახლებულ რომელ ადგილზე მიიყვანეს საქართველოში ვიზიტად მყოფი ლათინური ამერიკის ქვეყნების ელჩები და სად არის მოწესრიგებული დევნილებისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ფართები?
სუბელიანისა და ლომაიას ნათქვამი საქინფორმის კორესპონდენტის მიერ ნანახს ნამდვილად არ შეესაბამება. ჩვენ დავინტერესდით ახალ ჩასახლებებში მცხოვრები დევნილების პრობლემებით და დასავლეთ საქართველოში მდებარე რამდენიმე ჩასახლების ობიექტს მივაშურეთ.
თავდაპირველად „ყბადაღებულ“ ფოცხოეწერს ვესტუმრეთ, სადაც კომპაქტურად აშენებული ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებია. კორპუსების გარემონტება, რომლებშიც თბილისიდან, ზუგდიდიდან და სხვა ქალაქებიდან გამოსახლებული 250-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობს, სახელმწიფოს 15 მლნ ლარამდე დაუჯდა. აქაური მოსახლეობა პირობითად ორ ნაწილად – „ძველ“ და „ახალ“ დევნილებად იყოფა. „ძველი“ დევნილების 80-მდე ოჯახი აქ 15 წელიწადზე მეტია, ცხოვრობს და „იძულებითაა“ გარემოსთან ადაპტირებული. „ახალი“ დევნილები კი, რომელთაგან ზოგი იძულებით ჩაასახლეს და ძალიან ცოტა საკუთარი ნებით ჩამოვიდა, ფოცხოეწრის დატოვებაზე ფიქრობენ. ფოცხოეწერში არ არის აფთიაქი, საავადმყოფო და არც რაიმე სახის სამედიცინო პუნქტი. საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო დახმარებას დევნილები დაბა ჯვრიდან ელიან. დასახლების საბაზო სკოლაში სულ 30-მდე მოსწავლე სწავლობს. საბავშვო ბაღის შენობა კი დგას, თუმცა მის ფუნქციონირებას დღემდე უშედეგოდ ელიან. „მინისტრი სუბელიანი აქ არასოდეს ჩამოსულა და არც დაინტერესებულა ჩვენი ცხოვრებით. ნეტა, სააკაშვილმა თუ იცის, სად არის ფოცხოეწერი და როგორია აქ ჩვენი ცხოვრება?“ – აცხადებენ საქინფორმთან საუბრისას დევნილები, რომლებიც აღნიშნავენ, რომ ყურადღება და დახმარება მხოლოდ „წითელი ჯვრისგან“ ახსოვთ, სახელმწიფომ კი ისინი დაივიწყა, რადგან მოვალეობის მოხდის მიზნით გაცემული ბინებიც კი არაფრად ვარგა.
ადგილზე ჩასული ნებისმიერი დაინტერესებული პირი ადვილად შეამჩნევს უხარისხოდ გარემონტებულ შენობებს, რომლებიც თვალსა და ხელს შუა იშლება, წყლის სისტემა დაზიანებულია, ნესტიან კედლებს ობი მოეკიდა. გარდა ამისა, აქ მცხოვრებ დევნილებს საკვების პრობლემაც აქვთ, რადგან დასაქმების არანაირი პირობები არ არის და როგორც თავად ამბობენ, ნახევრად შიმშილობენ.
ერთ-ერთი დევნილი მარი ბჟანიას მონათხრობით, როცა მისი შვილი სამი თვის გახდა, ბუნებრივი საკვების გარეშე – წიწიბურასა და ბრინჯის ამარა დარჩა. ამ მდგომარეობამ კი მისი ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვია. „ძლივს მივაღწიეთ ზუგდიდის საავადმყოფომდე და ბავშვი ძლივს გადაარჩინეს“, – ამბობს ბჟანია, რომელსაც თბილისში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი, რადგან, მისივე განმარტებით, იქ მუშაობის პერსპექტივა მაინც აქვს.
ფოცხოეწრის შემდეგ ფოთში „ახალ რაიონად“ წოდებულ დევნილთა ჩასახლების ადგილს ვესტუმრეთ, სადაც ფოცხოეწრისგან არცთუ დიდად განსხვავებული მდგომარეობა დაგვხვდა. ყველაზე თვალშისაცემი, რაც ამ ადგილზე საქინფორმის კორესპონდენტმა ნახა, დასახლების დასაწყისში გამოკრული უზარმაზარი აბრაა, რომელზეც წერია: „იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი უბანი“. ეს ერთგვარი სტიგმა დევნილებისთვის, ალბათ, ყველაზე შეურაცხმყოფელია, რადგან მათ საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესს მნიშვნელოვნად უშლის ხელს.
რაც შეეხება დევნილთა ყოფას „ახალ რაიონში“, ხელისუფლება ვერც ამ შემთხვევაში დაიკვეხნის, რომ მათ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები მაინც შეუქმნა. აქაც გვხვდება უხარისხოდ აშენებული შენობები. ბინებში დაგებული ლამინატის იატაკი უკვე ამოცვენილია. მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდება, ისიც – დასალევად უვარგისი, რადგან ტალახიანია. აქ არ არის დასაქმების საშუალება. გარდა ამისა, დევნილებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, რომ ახალ ბინებში გადასვლისთანავე მიუვიდათ ელექტროენერგიის ქვითრები, რომლებზეც 30 ლარი იყო გამოწერილი. მათ უთხრეს, რომ ეს თანხა წინასწარ უნდა გადაეხადათ, რაც, რაღა თქმა უნდა, კანონით დაუშვებელია. ფოთში ჩასახლებულ დევნილებს ფართები დაკანონებული არ აქვთ, შესაბამისად, დახარჯული 100 კილოვატი ელექტროენერგიის საფასურს სახელმწიფო უხდის, დანარჩენს კი თავად იხდიან.
ბოლოს ანაკლიაში ჩასახლებულ დევნილებს ვესტუმრეთ. აქ ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს დაფინანსებით აშენებული რამდენიმე კოტეჯია განთავსებული, რომელთაგან ორი საყოფაცხოვრებო პირობების უქონლობის გამო კვლავ აუთვისებელია. დევნილები დევნილთა სამმართველოსგან სასმელ წყალსა და ეზოების შეღობვას ითხოვენ. ისინი აქ ჩასახლებამდე ანაკლიის სანაპიროზე ძველ ბარაკებში ცხოვრობდნენ.
აქ დილეტანტიც ადვილად შეამჩნევს, რომ კოტეჯები უსწორმასწორო მიწაზე საძირკვლის გარეშეა აშენებული. როგორც დევნილები ამბობენ, წვიმიან ამინდში სახლები იტბორება. ეზოშიც ტალახი დგება და გარეთ ვერ გადიან. კოტეჯების დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ ისინი უხარისხოდაა აგებული. წყლის მილები გამსკდარია, ახლად დაგებული მეტლახი – აყრილი, კედლები – დაბზარული, ფანჯრის ჩარჩოები ჩამოშლის პროცესშია. არადა, როგორც დევნილები განმარტავენ, თითოეული კოტეჯის აშენება 29 ათასი ლარი დაჯდა...
ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოში აცხადებენ, რომ კოტეჯების მშენებლობის პროცესზე მონიტორინგს თავად აწარმოებდნენ. სამუშაოს ჩაბარების დროს შემოწმდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სტანდარტთან შესაბამისობა და ხარისხი, რის შემდეგაც გაიცა შესაბამისი სერტიფიკატი.
დევნილთა განმარტებით, ოფიციალურ დოკუმენტებში წერია, რომ ყველანაირად მოწყობილი კოტეჯები ჩააბარეს, თუმცა, ცარიელი კედლები დახვდათ და ავეჯის შესაძენად შინაური ცხოველების გაყიდვა მოუხდათ...
ეს რამდენიმე მაგალითი, ალბათ, საკმარისია იმისთვის, რომ მკითხველს დევნილების ყოფაზე ზოგადი წარმოდგენა მაინც შეექმნას. სამწუხაროა, რომ ლომაიას მიერ დასახელებულმა ელჩებმა ეს ტერიტორიები „ვერ“ ნახეს, რის შემდეგაც არა აღფრთოვანებას, არამედ აღშფოთებას ნამდვილად ვერ დამალავდნენ. რაც შეეხება მედიას, მისი მხრიდან დევნილების პრობლემებზე ყურადღება დღითიდღე იზრდება, თუმცა ამ ხალხის საშველი ჯერჯერობით არსად ჩანს.
ერთადერთი, რაც დევნილების იმ ნაწილს გაახარებს, რომელთათვისაც ფართები ჯერ არ დაუკანონებიათ, ისაა, რომ მთავრობა პრივატიზებას 2012 წლისთვის ჰპირდება, რაც სხვა არაფერია, თუ არა „ნაცმოძრაობის“ წინასააერჩევნო კამპანიის ნაწილი.
ლევან სულაშვილი,
საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“