საზოგადოება
თბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობა აუქციონებზე გაყიდვის უშედეგო მცდელობის შემდეგ პირდაპირი მიყიდვის წესით გაიყიდა (სავარაუდოდ, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად). მთავრობის გადაწყვეტილებით, შენობის ახალი მფლობელი კომპანია „სითი ლოფტი“ გახდა.
საქინფორმის მკითხველებს შევახსენებთ, რომ თბილისში, კოსტავას N14-ში, მდებარე გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობიდან 2007 წლის 10 აგვისტოს, დილის 4 საათზე, ხელისუფლებამ, ასობით შეიარაღებული პოლიციელის მეშვეობით, ახლანდელი ფინანსთა მინისტრის მოადგილე გრიშა ბაიბურთის ხელმძღვანელობით, ბარბაროსულად გამოყარა საკუთარი ოფისებიდან 80-მდე გაზეთისა და ჟურნალის რედაქცია (მათ შორის, ქართული პრესის ფლაგმანი – ყოველკვირეული გაზეთი „ასავალ-დასავალი“), ორი ტელეკომპანია, ათამდე გამომცემლობა და სტამბა მთელი ქონებით, რის შედეგადაც სამი ათასამდე კაცი უმუშევარი დარჩა. ხოლო გაძარცვული გამომცემლობა „სამშობლოს“ შენობის ცარიელ კედლებში 2008 წლის აგვისტოში შეასახლეს ქართველი ლტოლვილები ცხინვალის რეგიონიდან, საიდანაც ხელისუფლებამ ასევე ძალის გამოყენებით გამოასახლა ორიოდ თვის წინათ, რის შესახებაც არაერთხელ იუწყებოდა საქინფორმი.ეკონომიკის სამინისტრომ რამდენჯერმე გამოაცხადა აუქციონი „სამშობლოს“ შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით, მაგრამ განაცხადების არარსებობის გამო დღემდე ვერ შეძლო მისი გაყიდვა.
სამინისტრო ობიექტის აუქციონზე გაყიდვას ბოლოს ა. წ. 18 ივლისს შეეცადა. მაშინ ობიექტის საწყისი გასაყიდი ფასი 16 მილიონ 200 ათასი ლარი იყო. ახლა კი „სამშობლოს“ შენობა კომპანია „სითი ლოფტიმ“ ჩაიდგო ხელში, რომლის შესახებ არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ იგი ერთი კვირის წინ - 2011 წლის 8 სექტემბერს დაფუძნდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ შენობის შესყიდვისთვის, რომლის კედლები მოწმეა უზარმაზარი ადამიანური წუხილის, ცრემლისა და ხელისუფლების დანაშაულის!