სამართალი
ლაგოდეხი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ახალი სასწავლო წლის დაწყება ყველა მოსწავლეს განსაკუთრებით უხარია, თუმცა ლაგოდეხის კერძო სკოლა-ლიცეუმის პედაგოგებსა და მოსწავლეებს სკოლაში მისულებს ეს საზეიმო დღე ჩამწარდათ.
საქმე ისაა, რომ ბრძანება, რომელიც მათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ახალი სასწავლო წლის დაწყების პირველ დღეს მიიღეს, სკოლის დახურვას აუწყებს. ბრძანება ჯერ არ მიუღიათ ლაგოდეხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელ მანანა ჩიკვაიძის განცხადებით, სკოლა-ლიცეუმმა აკრედიტაცია ვერ მიიღო, რის გამოც ის დაიხურა. მისივე თქმით, მოსწავლეები ქალაქის სხვადასხვა სკოლაში გააგრძელებენ სწავლას, პედაგოგებს კი უსამსახუროდ დარჩენა მოუწევთ, რადგან, მანანა ჩიკვაიძის თქმით, ამ ეტაპზე მათ ვერაფრით დაეხმარებიან.