აქტუალური
სამინისტროები საინფორმაციო სააგენტოების კონკურენტები ხდებიან?!

vebgverdiთბილისი. 15 სექტემბერი. საქინფორმი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მესტიაში ვიზიტის შესახებ იუწყება. თუმცა აქ დევნილების საკითხი არაფერ შუაშია. რელიზი მთლიანად მოიცავს სააკაშვილის მესტიაში ვიზიტს და მასში იმ სიახლეების ჩამონათვალია, რომლებიც მესტიას ცოტა ხნის წინათ შეემატა – იუსტიციის სახლი, პოლიციის შენობა, სასტუმრო, ახალი ხიდი და 136-კილომეტრიანი გზა...

როგორც აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა სამინისტროს ვებგვერდებზე იუწყებიან განახლებული მესტიის გახსნის შესახებ – სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა; განათლებისა და მეცნიერების; კულტურისა და ძეგლთა დაცვის; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები სვანურ სიახლეებზე წერენ.

გასაკვირი არაა აღნიშნული ინფორმაციის ნახვა იუსტიციის სამინისტროსა და მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდებზე, თუმცა, ფაქტია – სხვა სამინისტროების მიერ ამ ინფორმაციის გავრცელება ვებგვერდების დანიშნულებას სცდება – მესტიაში არც დევნილების საცხოვრებელი, არც ახალი სკოლა, არც ახალი კულტურული ძეგლი და არც ციხე გახსნილა.

არადა, ზემოჩამოთვლილი სამინისტროების ვებგვერდების მკითხველები, ალბათ, უფრო დაინტერესდებოდნენ არა პარტიული პიარკამპანიით, არამედ, თუ როგორ გაუსაძლის პირობებში არიან საქართველოს ციხეებში პატიმრები; როგორ მოატყუეს სკოლის მოსწავლეები, როცა უთხრეს, რომ წიგნი 10 ლარზე მეტი არ ეღირება, სინამდვილეში კი მას აუცილებლად შესაძენი 7-ლარიანი საწერი რვეული მოჰყვება; როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობს დევნილების უმეტესი ნაწილი; როგორი გაუსაძლისია სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფა, როგორ იღუპება საქართველოში ხალხი წამლისა და ოპერაციის ფულის უქონლობის გამო...