პოლიტიკა
სააკაშვილი 26 მაისის აქციის დაშლას არ ნანობს და სამომავლოდაც ემზადება

Copy-of-ak21თბილისი. 15 სექტემბერი. საქინფორმი. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინულ გამოცემა „segodnya.ua“-თან ინტერვიუში განაცხადა, 2011 წლის 26 მაისის ღამეს მთავრობას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

„მიმაჩნია, რომ სწორად მოვიქეცით. პროვოკატორების ჯგუფი, რომელიც საზღვარგარეთიდან ფინანსდება და ელექტორატის მიზერული, 1%-ზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს, გამოდის ქუჩაში და გეუბნება – დამოუკიდებლობის 20 წლისთავის აღნიშვნის უფლებას არ მოგცემთ და მორჩა! რა უნდა გვექნა? უნდა გამოგვეყენებინა მინიმალური ძალა. მიტინგის დაშლისას არცერთ პოლიციელს იარაღი არ ჰქონია და, მადლობა ღმერთს, რომ ასე იყო. უცნობია, როგორ მოიქცეოდა პოლიცია მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ავტომობილებში ჩასხდნენ და რამდენიმე სამართალდამცავს გადაუარეს. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა, სხვები საავადმყოფოებში აღმოჩნდნენ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ყოველი ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, პოლიცია იძულებულია, ჩაერიოს. თუმცა მათი ყველა ქმედება ხელისუფლებას დოკუმენტირებული და შესწავლილი აქვს. „ყოველ ჯერზე ჩვენი პოლიციელების მომზადების დონე იზრდება. ჩვენ მათ ვასწავლით. ამჯერად ისინი გაცილებით პროფესიონალურად მოქმედებდნენ, ვიდრე 2007 წელს. თუკი მომავალ წელსაც ასეთი რამ იქნება და, ალბათ, იქნება, რადგან ეს ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება, ისინი გაცილებით პროფესიონალურად იმოქმედებენ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და, როგორც ჩანს, ამ განცხადებით, გარკვეულწილად, დააანონსა საპროტესტო აქციების მორიგი ტალღა, რომელზეც ჯერ ოპოზიციასაც კი არ უსაუბრია.

P.S. საინტერესოა, რატომ ჰგონია პრეზიდენტს, რომ აქციები მომავალ წელსაც იქნება? მიზეზად, ალბათ, დემოკრატია არ უნდა ჩაითვალოს, რადგან საზოგადოების პროტესტს არა დემოკრატია, არამედ არადემოკრატიული მმართველობა იწვევს. შესაბამისად, ალბათ, არაა გამორიცხული, ხელისუფლების მხრიდან მომავალი წლისთვის რაიმე „სიურპრიზს“ ველოდოთ, ან შესაძლოა, პრეზიდენტმა მომავლი საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი იგულისხმა, რომელიც სწორედ მომავალ წელსაა დანიშნული და რომლის ჩატარებას დემოკრატიულობის სუნი აქედანვე არ ასდის.