სამართალი
კახეთში დამოუკიდებელ ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან

zewolaთბილისი, 15 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ხელისუფლებისა თუ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების ბოლო პერიოდის მოქმედებებმა და გააქტიურებამ  – არაკანონიერი, არაკონსტიტუციური მეთოდების გამოყენებით ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა, ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. თუ  აქამდე, რბილად რომ ვთქვათ, მათი ქმედებები შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხელის შეშლით, ახლა უკვე ფიზიკურ ანგარიშწორებაზე გადავიდნენ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რეგიონებში, სამწუხაროდ, ცოტაა ისეთი საინფორმაციო სააგენტოები, რომლებიც რეალურად ასახავენ მხარეში მიმდინარე პროცესებს. მათ ჩამონათვალში ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო „კახეთის საინფორმაციო ცენტრია“. ბოლო პერიოდში ხორციელდება ძალისმიერი ზეწოლა სააგენტოს თანამშრომლების მიმართ, რომლის ნათელი მაგალითია ორ სექტემბერს ყვარლის მუნიციპალიტეტში სააგენტოს ჟურნალისტ ნათია დანელიშვილის დაკავება და პროფესიული საქმიანობის უკანონო შეზღუდვა. ასევე, განსაკუთრებით აღსანიშნავია 13 სექტემბერს თავისუფალი ჟურნალისტის –  გელა მთივლიშვილის, მიმართ განხორციელებული ფიზიკური ზეწოლა, რომელშიც მონაწილეობდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებული კომპანია  „უმუთ ინშაათის“  წარმომადგენლები, რომლებმაც ჟურნალისტს ჯერ ვიდეოკამერა დაუზიანეს, ხოლო შემდგომ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

პარტია  „თავისუფალი საქართველოს“  კახეთის რეგიონული ორგანიზაცია მიმართავს კახეთის საოლქო პროკურატურას, სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ იქნეს გამოძიებული ზემოთ აღნიშნული დანაშაულები და გაატაროს კანონით გათვალისწინებული ქმედებები“, – ნათქვამია გზავნილში, რომელსაც ხელს აწერს პარტია „თავისუფალი საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გამგეობის წევრი გიორგი მოსიაშვილი.