საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთი, 1 აპრილიდან, პრევენციის მიზნით, ბენზინის ექსპორტს კრძალავს - ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები დარგის ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება 27 მარტს საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკის მიერ გამართულ თათბირზე მიიღეს, თუმცა აკრძალვის მოქმედების ზუსტი ვადები თათბირზე არ განხილულა.
რუსული მედია წერს, რომ მოგვიანებით მთავრობის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სხდომის შემდეგ ვიცე-პრემიერმა ენერგეტიკის სამინისტროს აპრილის დასაწყისიდან ბენზინის აკრძალვის შესახებ დადგენილების პროექტის მომზადება დაავალა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელია ფასების სტაბილიზაციისა და შიდა ბაზრის პრიორიტეტული მომარაგების უზრუნველსაყოფად.
ცნობისთვის, 25 მარტს, ენერგეტიკის სამინისტროს კოლეგიაზე სიტყვით გამოსვლისას, ნოვაკმა შესაბამის უწყებებს უახლოეს მომავალში ავტოგასამართ სადგურებზე ფასების ზრდის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. მისი აზრით, ამ საკითხზე ენერგოკომპანიებმა, თავად ენერგეტიკის სამინისტრომ და მთავრობამ ერთობლივად უნდა იმუშაონ.
რუსული ბენზინის ექსპორტი 2025 წლის სექტემბრიდან 2026 წლის იანვრის ბოლომდე სრულად აკრძალული იყო. ამ ხნის განმავლობაში ემბარგო ორჯერ გაგრძელდა, თუმცა 2026 წლის იანვრის ბოლოს აკრძალვა საწვავის მსხვილი მწარმოებლებისთვის მოიხსნა. მიუხედავად ამისა, ის ტრეიდერებზე, ნავთობბაზებსა და მცირე ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე (რომელთა წარმოების მოცულობა წელიწადში 1 მლნ ტონაზე ნაკლებია) კვლავ ვრცელდებოდა. ვარაუდობდნენ, რომ ეს ზომა 31 ივლისამდე იმოქმედებდა.
რუსეთი საქართველოს საწვავის მთავარი მომწოდებელია. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 209 მილიონი დოლარის ღირებულების 293 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით თანხობრივად 3%-ით, რაოდენობრივად კი 9.2%-ით მეტია, შესაბამისად იმპორტის საშუალო ფასი წინა წელთან შედარებით შემცირებული იყო და ტონაზე 713 დოლარს შეადგენდა. საქართველომ ყველაზე მეტი $62 მლნ დოლარის 101 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები კვლავ რუსეთიდან შეიძინა, თუმცა წინა წელთან შედარებით რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი განახევრებულია.