საზოგადოება
თბილისი. 14 სექტემბერი. საქინფორმი. სულ რამდენიმე წუთია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ტყეშელაშვილმა შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს წარუდგინა. ტატიშვილმა თანამდებობაზე ზურაბ არსოშვილი შეცვალა.
გიორგი ტატიშვილი 2008 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის წევრი – გორის მაჟორიტარი იყო, დეპუტატობამდე კი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროსა (1996-2007 წწ.) და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო სამსახურში მუშაობდა (2007-2008 წწ.).რაც შეეხება ზურაბ არსოშვილის სამომავლო საქმიანობას, გავრცელებული და ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაციით, ის ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრე ხეთაგურის მოადგილედ დაინიშნება.
ზურაბ არსოშვილი შიდა ქართლის გუბერნატორად 2010 წლის ივლისიდან მუშაობდა.