თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. მეტეხის ხიდთან 40 მოწამის სახელობის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის დროს არქეოლოგებმა უძველეს დედაციხის ნაშთებს მიაკვლიეს. აღმოჩენილია ციხის გალავანი, რომელიც ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდისაა. გარდა ამისა, ამავე ტერიტორიაზე სასახლის უფრო ძველი ფენებიც იპოვეს, რაც მეფე ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობამდე ბევრად ადრინდელ პერიოდს მოიცავს. არქეოლოგების განცხადებით, ამ აღმოჩენის შემდეგ შესაძლოა, სრულად შეიცვალოს ყველასთვის ნაცნობი ისტორია თბილისის დაარსების შესახებ, რადგან აღმოჩენა იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ამ ტერიტორიაზე ციხე-ქალაქი უფრო ადრე არსებობდა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ამავე ტერიტორიაზე აბანოებსაც მიაკვლიეს, რომელიც პირველი-მეორე საუკუნის ანტიკური პერიოდით თარიღდება. სპეციალისტები იმ ნივთებსაც სწავლობენ, რომლებიც დედაციხის ტერიტორიაზე სამარხების გათხრის დროს იპოვეს. შეგახსენებთ, არქეოლოგიურ სამუშაოებს საპატრიარქოსა და ეროვნული მუზეუმები ერთობლივად ატარებენ.