დღეს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება
თბილისი, 14 სექტემბერი,
საქინფორმი. მართლმადიდებელი ეკლესია 14 სექტემბერს ინდიქტიონის, ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე ლოცვას დარიალში ახალაშენებულ მამათა მონასტერში აღავლენს. ეკლესიაში ახალი სტილით 14 სექტემბრიდან წელიწადის ათვლა უძველესი დროიდან მოდის. არსებული ინფორმაციით, ამ თარიღის დაწესება პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას უკავშირდება და მისი აღნიშვნა რამდენიმე მოვლენამ განაპირობა. ტერმინი „ახალი წელი“ რომს უკავშირდება.
საღვთისმსახურო წიგნი „ჟამნი“ მოგვითხრობს, თუ რატომ განაწესა ინდიქტიონი, ანუ ახალი წელი რომის კეისარმა. გადმოცემის თანახმად, როდესაც რომმა მთელი ქვეყანა დაიპყრო, სექტემბრის პირველი დღე ინდიქტიონის დასაწყისად დაადგინა და თხუთმეტი წლით განსაზღვრა, მერე კი ეს დრო სამ ნაწილად გაყო. თითოეული ხუთწლეულის პირველ სექტემბერს დაპყრობილ ქვეყნებსა და ხალხებს ხარკი უნდა ეძლიათ. სექტემბრის პირველ დღეს ხარკის გადახდით ხალხი მომდევნო ხუთი წლის თავისუფლებას ზეიმობდა. ამგვარად, ინდიქტიონი სადღესასწაულო დღედ იქცა.