პოლიტიკა
თბილისი, 14 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მანდატი ერთი წლით გაუხანგრძლივდა. როგორც უცხოური მედია იუწყება, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბრიუსელში მიიღეს.
მინისტრების გადაწყვეტილებით, მანდატის ვადა 2012 წლის 14 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. მისიისთვის ევროკავშირი დამატებით 23,9 მილიონ ევროს გამოყოფს.საქართველოში ევროკავშირის მისია 2008 წლის 1 ოქტომბრიდან ფუნქციონირებს. რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ადგილზე სიტუაციის სტაბილიზაციის ხელშესაწყობად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ 200-ზე მეტი სამოქალაქო დამკვირვებელი გამოიგზავნა.
ისინი საქართველოსა და რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ 12 აგვისტოს ექვსპუნქტიან შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბრის განხორციელების ზომების ხელშეკრულებასთან ყველა მხარის შესაბამისობაში ყოფნას აკვირდებიან.