თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციები საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას სოლიდარობას უცხადებენ.
როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, საიამ მიმდინარე წლის 6 სექტემბერს საზოგადოებას 26 მაისის მოვლენების დროს გარდაცვლილი ნიკა კვინტრაძის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთში დაფუძნებული სასამართლო ექსპერტიზის ბიურო DABS Fingerprints/Forensics Ltd-ს დასკვნა წარუდგინა.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის მასალების გამოქვეყნების შემდეგ შსს-მ საია სიცრუის შეგნებულ გავრცელებაში დაადანაშაულა. ორგანიზაციის მისამართით არაკორექტული კომენტარები გაკეთდა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდანაც, რომლებმაც საია „პოლიტიკურ თამაშებში“ ჩართვისთვის დაადანაშაულეს. ამის პარალელურად სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვება „კურიერსა“ და ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო პროგრამა „ქრონიკაში“ რამდენიმე დღის განმავლობაში გადიოდა საიას წინააღმდეგ მიმართული სიუჟეტები, რომლებიც არღვევს ჟურნალისტიკის სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ კრიტიკის ობიექტია საიას უფლება – მოიპოვოს და გაავრცელოს საქმესთან დაკავშირებული პროფესიული ინფორმაცია, რაც უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობის აუცილებელი და განუყოფელი ნაწილია და არა ექსპერტის დასკვნის სიზუსტე.აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრ ორგანიზაციებს დაუსაბუთებლად მიაჩნიათ საიას მიმართ გამოთქმული ბრალდებები და დაუშვებლად ცალკეული ტელეკომპანიების მიერ წარმოებული ნეგატიური კამპანია და მოუწოდებენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას – „ადამიანის უფლებათა დამცველების შესახებ ევროკავშირის სახელმძღვანელო პრინციპების“ შესაბამისად, შეაფასოს საიას და მისი საქმიანობის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია და გამოხატოს საკუთარი პოზიცია; საქართველოს ხელისუფლებას – თავი შეიკავოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაციების საქმიანობის მიმართ დაუსაბუთებელი თავდასხმისაგან, რომელიც იწვევს საზოგადოების თვალში სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაციას და ნეგატიურად აისახება ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯზე; მასმედიის წარმომადგენლებს, კერძოდ, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-სა და „იმედს“, საკუთარ საქმიანობაში იხელმძღვანელონ მაუწყებელთა ქცევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნებით, რომლებიც მაუწყებელს ავალდებულებს, ახალი ამბები და ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდოს მიუკერძოებლად და ჯეროვანი სიზუსტით.
მოწოდებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: „მწვანე ალტერნატივა“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „ადამიანის უფლებათა ცენტრი“; „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“; ასოციაცია „დეა“; ასოციაცია „ევროპული გამოკვლევები საქართველოს ინოვაციური განვითარებისთვის“; „საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტი“; საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“; „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“; კავშირი „42-ე მუხლი“; „ახალგაზრული ალტერნატივა“; „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი“; „ფერმერთა უფლებების დაცვის ასოციაცია“; ასოციაცია „ქალი და ბიზნესი“; „კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი“; „ენერგოეფექტურობის ფონდი“; „ჯანმრთელი სამყარო“; კოალიცია „სამოქალაქო განვითარებისთვის“; „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“; „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი“; „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“; „ლევან მიქელაძის ფონდი“; „ევროპული ინტეგრაციის ფორუმი – სამოქალაქო საზოგადოება და კონსალტინგი“; ლიბერალური აკადემია „თბილისი“.