სამართალი
სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების მუხლით, სუს-მა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

 საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალ საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სუს-ში ადასტურებენ, რომ გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 317-ე მუხლით, რაც სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს.

საქმე ეხება ბაჩო ახალაიას მეუღლის, ანი ნადარეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც ბაჩო ახალაია სასამართლო სხდომაზე ამბობს – „მე ვთვლი, რომ ივანიშვილი არის დასამხობი, დასამხობია ყველა შესაძლო გზით. თუ დასჭირდება ძალა, დასამხობია ძალით. ივანიშვილთან ერთად დასამხობია რუსული საცეცები, რაც შეიძლება ფართო მასშტაბით საქართველოში. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ დავამთავროთ ეს ჯოჯოხეთი, რომელშიც უკვე ორას წელზე მეტია, გვამყოფებს რუსეთი. ჩვენ ივანიშვილს დავამხობთ, აუცილებლად დავამხობთ“.

ამასთან, 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე 16 თებერვალს მიმდინარე სხდომაზე ბაჩო ახალაიამ ასევე განაცხადა – „ეს ხელისუფლება არის დასამხობი რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად, ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით“.