საზოგადოება
საქსტატი: „წლის პირველ ნახევარში ინვესტიციები 377 მილიონ დოლარს აღემატება“

saqstati142თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქსტატის მიერ საქინფორმისთვის მოწოდებული მონაცემებით, 2011 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.6 პროცენტით გაიზარდა და 377.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეს მონაცემები წინასწარია და ექვემდებარება დაზუსტებას წლიური სტატისტიკური გამოკვლევის მასალების დამუშავების შემდეგ. გასულ თვეს საქსტატმა საგრძნობი ცვლილებები შეიტანა 2010 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ თავდაპირველ მონაცემებში.

წინასწარი მონაცემების თანახმად, 2011 წლის მეორე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 203.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც პირველ კვარტალთან შედარებით – 17-პროცენტიან ზრდას, ხოლო წინა წლის მეორე კვარტლის მონაცემებთან შედარებით 2.35-პროცენტიან კლებას წარმოადგენს.

პირდაპირი ინვესტიციების დიდი ნაწილი წლის პირველ ნახევარში კვიპროსსა და ჰოლანდიაში დარეგისტრირებული კომპანიებიდან შემოვიდა, შესაბამისად, 57.3 მლნ აშშ დოლარი და 44.8 მლნ აშშ დოლარი; შემდეგ მოდის თურქეთი – 35.9 მლნ აშშ დოლარით; გაერთიანებული სამეფო – 32.8 მლნ აშშ დოლარით; რუსეთი – 30 მლნ აშშ დოლარით; აზერბაიჯანი – 24.9 მლნ აშშ დოლარით; ინდოეთი – 22 მლნ აშშ დოლარით; აშშ – 18.1 მლნ აშშ დოლარით; არაბეთის გაერთიანებული საამიროები – 17.6 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 13 მლნ აშშ დოლარით და ყაზახეთი  – 11.7 მლნ აშშ დოლარით.

2011 წლის პირველ ნახევარში 29.2 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა ოფშორულ ზონაში – ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიებიდან, ხოლო 31.6 მლნ აშშ დოლარი მიკუთვნებულია „საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“ შემოსული თანხების კატეგორიას.

სამრეწველო სექტორი პირველ ექვს თვეში კვლავ დომინირებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკაში განაწილების თვალსაზრისით  – 112.3 მლნ აშშ დოლარი; მას მოჰყვება საფინანსო სექტორი – 74.1 მლნ აშშ დოლარით; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა –  57.8 მლნ აშშ დოლარით; უძრავი ქონება – 56.0 მლნ აშშ დოლარით; მშენებლობა – 26.9 მლნ აშშ დოლარით; სასტუმროები და რესტორნები – 12.2 მლნ აშშ დოლარით; ჯანმრთელობის დაცვა – 5 მლნ აშშ დოლარით და სოფლის მეურნეობა – 3.5 მლნ აშშ დოლარით.