თბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებების ის ფორმულირებები, რაც ინტერპარტიულ სარედაქციო ჯგუფში შეთანხმებულია და ვენეციის კომისიას აგვისტოს ბოლოს გაეგზავნა, მომავალ კვირაში იქნება ინიცირებული.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ინიცირების მიუხედავად, ცვლილებების განხილვა პროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მიერ თავისი დასკვნის გამოქვეყნებამდე არ დაიწყება.
ბიუროს სხდომაზე საუბრისას მან, ასევე, განაცხადა, რომ ოქტომბრის დასაწყისში, „სავარაუდოდ“, შედგება ვენეციის კომისიის ექსპერტების ვიზიტი საქართველოში.მან იქვე ხაზი გაუსვა, რომ ცვლილებათა პროექტში ზოგიერთი ის თემა, მათ შორის, დამოუკიდებელი მაჟორიტარისა და საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები, რაც ვენეციის კომისიასთან სხვადასხვა დროს მსჯელობის საგანს წარმოადგენდა, არ არის ასახული.
„თუმცა თუ იქნება შესაბამისი კომუნიკაცია პარტიების მხრიდან, ვენეციის კომისიის ექსპერტების შეფასებები, შესაბამისად, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული“, – განაცხადა კუბლაშვილმა.
მისი განცხადებით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პროექტის ტექსტი, რომელიც დიდი ალბათობით მმართველ პარტიასა და რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას შორის ივნისში გაფორმებული შეთანხმების პუნქტებს ასახავს, უახლოეს დღეებში იქნება ხელმისაწვდომი.
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებისკენ მოუწოდა ისე, რომ „ეს განხილვის პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე საზოგადოებისთვის და იყოს ღია, ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რა განიხილება და რა ცვლილებები შედის“.
ამ დრომდე მმართველი პარტიის დეპუტატები, რომლებიც ჩართული არიან საარჩევნო კოდექსის რეფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობაში, თავს არიდებდნენ დეტალურ საუბარს, თუ რა ეტაპზე იყო ცვლილებების მზადების პროცესი.
მმართველი პარტიის დეპუტატ აკაკი მინაშვილის განცხადებით, საკითხების ნაწილი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და მისი ექსპერტების დასკვნა ოქტომბრისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
„ყველაფერი იქნება იმ თარიღებში, რაზეც იყო საუბარი“, – განაცხადა მან 5 სექტემბერს და გაგზავნილი ცვლილებების შინაარსობრივ მხარეზე, ისევე, როგორც სხვა დეტალებზე, საუბრისაგან თავი შეიკავა.
არსებული შეთანხმების თანახმად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მიღებულ უნდა იქნეს არაუგვიანეს ოქტომბრისა. ამავე ვადაში უნდა მიიღონ სადავო საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც დეპუტატების რაოდენობის 150-დან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს.