აქტუალური
დავით ბაქრაძე: „საქართველო ნატოში გაწევრებისთვის მზად არის“

bakradzeeeთბილისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ 12 სექტემბერს მიანიშნა, რომ საქართველოს ახლა ნატოსგან იმაზე უფრო მეტის მიღება სურს, ვიდრე მხოლოდ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გამეორებაა, რომ საქართველო ოდესმე გახდება ალიანსის წევრი.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში საუბრისას ბაქრაძემ განაცხადა, რომ ის ნატოს ჩრდილოატლანტიკური საბჭოსა (NAC) და გენერალური მდივნის – ანდერს ფოგ რასმუსენისგან, 9-10 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი ვიზიტის დროს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების დადასტურებას ელის.

„ბუნებრივია ისიც, რომ ჩვენი მოლოდინი მხოლოდ ბუქარესტით არ შემოიფარგლება და ჩვენი მოლოდინი არის ის, რომ ეს პროცესი დაჩქარდება და საქართველო გახდება ნატოს წევრი. ჩვენ ამისთვის მზად ვართ“, – განაცხადა მან.

„ჩვენ ამისთვის ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ბოლო წლების განმავლობაში. პრაქტიკულად, მე დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მოთხოვნების თვალსაზრისით საქართველო აკმაყოფილებს პრაქტიკულად ყველა მოთხოვნას, რომელიც შეიძლება წაყენებული ჰქონდეს [ნატოს წევრობის] კანდიდატ ქვეყანას“, – აღნიშნა ბაქრაძემ.

„არსებობს ბუქარესტის ვალდებულება, სადაც ნატო ცალსახად აფიქსირებს პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ამიტომ, ჩვენი ხედვით, უკვე სიტუაცია მომწიფდა იმისთვის, რომ ვიფიქროთ მომავალ შემდგომ ნაბიჯებზე“, – განაცხადა მან.

პარლამენტის თავმჯდომარემ იქვე დასძინა, რომ „რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება სწრაფად და ადვილად  არ მიიღება“.

„ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ, – განაცხადა მან, – იმედი გვაქვს, რომ გენერალური მდივნის ვიზიტი, NAC-ის სხდომაც და ელჩების აქ ყოფნაც  – ყველაფერი დაგვეხმარება იმაში, რომ ეს პროცესი დავაჩქაროთ და საქართველომ უფრო სწრაფად მიაღწიოს თავის ამოცანას“.