რელიგია
პატრიარქის ხობის რეზიდენციის გახსნა საერთაშორისო ფესტივალისთვის არ ესწრება

xobiხობი. 13 სექტემბერი. საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია მეორეს ხობის რეზიდენციის გახსნა ხობის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში არ მოხდება. ამის შესახებ საქინფორმთან საუბარში ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ განაცხადა. ხობის მთავრობის ინფორმაციით, რეზიდენციის გახსნა ფესტივალისთვის ვერ მოესწრო და, სავარაუდოდ, ერთი თვით გადაიწევს.

12 აგვისტოს გავრცელებული ცნობით კი, პატრიარქის რეზიდენციის გახსნა სწორედ „მეგრული სიმღერების“ საერთაშორისო ფესტივალს უნდა დამთხვეოდა. ცოტნებაზე გავრცელებული ინფორმაციით, ფესტივალზე პატრიარქის  დაწერილი სიმღერა უნდა შესრულებულიყო, რომელიც მან სამეგრელოს მიუძღვნა. თუმცა ფესტივალის დღის წესრიგში პატრიარქის სიმღერაზე არაფერი წერია.

შეგახსენებთ, რომ ხობის მეგრული სიმღერების ფესტივალი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს. მას წელს საერთაშორისო ფესტივალის სტატუსი მიენიჭა. ფესტივალი 16, 17 და 18 სექტემბერს ხობში გაიმართება. მის ფარგლებში არაერთი კულტურული და სპორტული ღონისძიებაა დაგეგმილი.

ხობში მეგრული სიმღერების ფესტივალი წელს მეხუთედ ჩატარდება. ღონისძიება რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბიზნესმენ გოდერძი ბუკიას პატრონაჟით ტარდება.