სამართალი
მუშათა გაფიცვა ქუთაისის ქარხანა „ჰერკულესში“

herkulesქუთაისი, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანა „ჰერკულესში“ 100-მდე მუშამ გაფიცვა გამოაცხადა. როგორც აქციის  ორგანიზატორები ქუთაისიდან იტყობინებიან, ისინი დილის 08.00 საათიდან ქარხნის შესასვლელთან შეიკრიბნენ და საწარმოს სხვა მუშებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. ამ მოწოდებას კი ქარხნის ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და გაფიცულებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

გაფიცულთა მოთხოვნებია: შრომითი უფლებების დაცვისა და პროფკავშირში გაერთიანების გამო შეწყდეს ქარხნის თანამშრომლების გათავისუფლება; სამსახურში აღადგინონ უკანონოდ დათხოვნილი 17 თანამშრომელი; პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და კანონებს, აღიარონ მშრომელთა პროფკავშირი და შრომის პირობების გაუმჯობესების თაობაზე საგაფიცვო კომიტეტთან მოლაპარაკება დაიწყონ; დაუბრუნონ მშრომელებს წართმეული ხელფასები და ბოლო წლების განმავლობაში არსებული ინფლაციის მაჩვენებლების მიხედვით მათი შრომის ანაზღაურება გადაიხედოს.

ქუთაისში იმყოფება გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი.

როგორც პროფკავშირებში აცხადებენ, გაფიცვა კანონის ყველა მოთხოვნის მიხედვით მიმდინარეობს. პროტესტის ამ ფორმით გამოხატვის უფლებას მათ საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 33), შრომის კოდექსი (მუხლი 49) და პროფკავშირების შესახებ კანონი (მუხლი 13) აძლევს.

ქართულ-ინდური ქარხანა „ჰერკულესი“ შპს „ევრაზიანსთილსის“ ეკუთვნის. საწარმოში 500 ადამიანი მუშაობს, მათგან 150 ინდოეთის მოქალაქეა.