სამართალი
ზვიად ყუშიტაშვილი: „ჩემი, ჩემი ოჯახის და ჩემი მეგობრების სიცოცხლე საფრთხეშია“

zviadთბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:

უფლებადამცველებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს

დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ცნობილია ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ ევროპის 6 ქვეყანაში საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან საპროტესტო აქციების გამართვის თაობაზე.

დარწმუნებული ვარ, გაქვთ ინფორმაცია იმის თაობაზეც, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით შეშინებულმა ხელისუფლებამ დაიწყო ჩემი და ჩემი კოლეგების შანტაჟი კატეგორიული მოთხოვნით, უარი გვეთქვა საპროტესტო აქციების გამართვაზე.

სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ამას არ დავეთანხმეთ, 3 სექტემბერს სასტუმრო საქართველოს მიმდებარე ტერიტორიიდან  გამიტაცეს შსს თანამშრომლებმა.

9 სექტემბერს, დაახლოებით 18:30 საათზე, შსს ოთხმა ნიღბიანმა  თანამშრომელმა „ჯიპის“ მარკის მანქანიდან ჩამომაგდეს ელბაქიძის ქუჩის დასაწყისში.

ჩემი მდგომარეობის გამო, დღემდე არავითარი განცხადება და სატელევიზო კომენტარი არ გამიკეთებია. იმის შესახებ, რაც მე გადავიტანე 7-8 დღის განმავლობაში (ცემა,  წამება, ფსიქოლოგიური ზეწოლა), საუბარს ვაპირებ თქვენთან შეხვედრის დროს.

დარწმუნებული ვარ, თქვენთვის ადვილი მოსასმენი არ იქნება, რაც მე გადავიტანე, დამეთანხმებით, რომ  არც ჩემთვის არის ადვილი დღევანდელი ხელისუფლების პირობებში იმის თქმა, რის თქმასაც ვაპირებ, მით უფრო, მეც, ჩემი ოჯახიც და ჩემი მეგობრებიც ღია საშიშროების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ ყველაფერი ეს უნდა იცოდეთ და ამ შეხვედრას ჩვენი დაცულობის მიზნითაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ.

ვიცი, რომ გადატვირთული სამუშაო გრაფიკი გაქვთ, მაგრამ დიდი პატივისცემით გთხოვთ, მიიღოთ ჩემი და ჩემი კოლეგების წინადადება და მობრძანდეთ შეხვედრაზე 12 სექტემბერს,  14:00 საათზე. დამატებით ინფორმაციას გაცნობებთ“, – ნათქვამია ღია წერილში, რომელსაც ხელს აწერს საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველი ემიგრანტების“ თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილი.