საზოგადოება
ქობულეთის თავისუფალმა ტურისტულმა ზონამ არ გაამართლა

qobuleti1თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. არასამთავრობო განცხადებებმა და ტელერეკლამებმა ქობულეთში ინვესტორები  ვერ მიიზიდა. იმ 15 სასტუმროდან, რომელთა მშენებლობაც ვითომდა მიმდინარე წლის პირველი აგვისტოსთვის უნდა დასრულებულიყო, ამ დროისთვის მხოლოდ სამის მშენებლობაა დაწყებული. როგორც საქინფორმმა გაარკვია, მთავრობა რამდენიმე ინვესტორთან დღემდე აგრძელებს მოლაპარაკებებს და სამშენებლო ვადაზე შეზღუდვაც მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის შემოდგომაზე თავისუფალი ტურისტული ზონის განვითარების მიზნით, ქობულეთის ფიჭვნარის ტერიტორიაზე სასტუმროების ასაშენებლად 11,3 ჰა მიწის ნაკვეთი გამოიყო და ინვესტორებისთვის შეღავათები დაწესდა. გადაწყდა, რომ მშენებლობისთვის განკუთვნილ მიწას სიმბოლური ფასი ექნებოდა, ინვესტორები პროექტის სამშენებლო დოკუმენტაციას უფასოდ მიიღებდნენ, ხოლო თუ მშენებლობას 2011 წლის პირველ აგვისტომდე დაასრულებდნენ, 15 წლით გათავისუფლდებოდნენ მოგებისა და ქონების გადასახადებისგან. ეკონომიკის სამინისტრომ შარშან ნოემბერშივე გამოავლინა 8 ინვესტორი, რომლებიც 15 სასტუმროს ააშენებდნენ. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დაპირებები ინვესტორებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.