პოლიტიკა
WikiLeaks: „ბაჩო ახალაია და ამერიკულ-ქართული სამხედრო თანამშრომლობა“

axalთბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. „WikiLeaks“-ის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე კონფიდენციალური დიპლომატიური გზავნილიდან ირკვევა, რომ ერთი თვის შემდეგ, რაც ამერიკელმა დიპლომატმა პრეზიდენტ სააკაშვილთან შეშფოთება გამოთქვა მის მიერ თავდაცვის მინისტრად ბაჩო ახალაიას დანიშვნის გამო, თბილისში აშშ-ის საელჩო ვაშინგტონს ატყობინებდა, რომ, მართალია, ახალაიას მუშაობის შესახებ ჯერ საბოლოო დასკვნის გაკეთება ადრეა, მაგრამ „პირველი ნიშნები სრულიად პოზიტიურია“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე თინა ქეიდენაუმ ბაჩო ახალაიას საკითხი, რომელიც 2009 წლის აგვისტოში მინისტრად დანიშვნისას 28 წლის იყო, პრეზიდენტ სააკაშვილთან 2009 წლის 15 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე წამოსწია. აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი გზავნილის თანახმად, რომელიც ამ შეხვედრის დეტალებს აღწერს, ქეიდენაუმ ახალაიას დანიშვნასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, აღნიშნა რა „ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მისი ცუდი წარსული“, როდესაც ის 2005-2008 წლებში სასჯელაღსრულების სისტემას ხელმძღვანელობდა.

„ქეიდენაუმ მოუწოდა პრეზიდენტ სააკაშვილს, გაეაზრებინა, თუ რა გავლენა იქონია ამ დანიშვნამ საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციაზე და ხაზი გაუსვა მსგავსი ქმედებისგან მომავალში თავის შეკავების მნიშვნელობას“, – ნათქვამია აშშ-ის კონფიდენციალურ ტელეგრამაში.

სააკაშვილმა დაიცვა მიღებული საკადრო გადაწყვეტილება და განუცხადა ამერიკელ დიპლომატს, რომ მისთვის გაუგებარია ამ არჩევანის მიმართ არსებული საერთაშორისო კრიტიკა; ტელეგრამის თანახმად, მან ხაზი გაუსვა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დროს ახალაია პასუხისმგებელი იყო, გამკლავებოდა მაფიას საქართველოში და, ასევე, განაცხადა, რომ ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ, რომელიც ახალაიამ შეცვალა, „ვერ მიაღწია რეალურ პროგრესს რეფორმების კუთხით“. სააკაშვილმა მოუწოდა ამერიკელ დიპლომატს, არ ეჩქარათ ახალაიას თაობაზე დასკვნების გამოტანა და მისი თანამდებობაზე მუშაობა შეეფასებინათ.

კიდევ ერთ კონფიდენციალურ ტელეგრამაში, რომელიც ქეიდენაუს იმავე ვიზიტს ეხება თბილისში, ამერიკელმა დიპლომატმა ამ საკითხზე აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება პირდაპირ წამოსწია ახალაიასთან შეხვედრაზე და მას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

2009 წლის 2 სექტემბრით დათარიღებულ ტელეგრამაში, სადაც აშშ-ის მაშინდელი ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი ვაშინგტონს საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ახალაიას პირველი შეხვედრის შესახებ უყვება, ნათქვამია, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი ცდილობდა, „დადებითი შთაბეჭდილება მოეხდინა ნატოელ დიპლომატებზე, რომელთა უმეტესობაც მისი დანიშვნის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი“.

2009 წლის 10 ოქტომბერს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწე ალექსანდრე ვერშბოუსთვის მისი თბილისში ვიზიტამდე გაგზავნილ ტელეგრამაში აშშ-ის საელჩო საქართველოში ახალაიას ახასიათებს, როგორც „ყველაზე აქტიურ თავდაცვის მინისტრს“ ამერიკელი სამხედრო მრჩევლებისთვის რეკომენდაციების თხოვნის კუთხით და, ასევე, შემდეგ ამ რჩევების გაზიარების კუთხით. ახალაია, ასევე, დახასიათებულია, როგორც „თბილისში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პერსონალთან  უკეთესი თანამოსაუბრე“, ვიდრე დავით კეზერაშვილი, რომელსაც თავდაცვის მინისტრის პოსტი 2006 წლის დეკემბრიდან 2008 წლის შემოდგომამდე ეკავა და „აშშ-ის რჩევების მიმართ უფრო გულისხმიერი“, ვიდრე მისი წინამორბედი – დავით სიხარულიძე.

ტელეგრამაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ამერიკელი სამხედრო კონსულტანტების რჩევები გამოიყენა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის „რაციონალურად“ სტრუქტურირებაში, ასევე, პერსონალის მართვის რეფორმის კუთხით.

იმავე გზავნილში, ასევე, ნათქვამია, რომ ისინიც კი, ვინც თავდაცვის სამინისტროს შიგნით სკეპტიკურად უყურებდა ახალაიას პიროვნებას, აღნიშნავენ, რომ მისი წინამორბედისგან განსხვავებით, „მას არ ეშინია გადაწყვეტილებების მიღების“.

„ჩვენი აზრით, ის საკადრო ცვლილებები, რაც მან გაერთიანებულ შტაბში განახორციელა, დიდწილად მიმართულია სუსტი ადგილების ამოსავსებად და იმ პირთა ნიჭიერი, კვალიფიციური ადამიანებით ჩანაცვლებისკენ, რომლებიც მანამდე ცუდად ართმევდნენ თავს სამუშაოს“, – ნათქვამია ტელეგრამაში.

ეს გზავნილი, ასევე, მიესალმება თავდაცვის მინისტრის ახალი მოადგილეების – ნიკოლოზ ვაშაკიძისა (ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეა) და ნოდარ ხარშილაძის დანიშვნას. ეს უკანასკნელი დახასიათებულია როგორც საელჩოს დიდი ხნის საკონტაქტო პირი და „ალბათ, ყველაზე განათლებული თანამდებობის პირი“ თავდაცვის სამინისტროში.

„მთლიანობაში, მიგვაჩნია, რომ, მართალია, მას გამოცდილება აკლია, მინისტრს, როგორც ჩანს, ესმის მისი ნაკლოვანებები და გულწრფელად დაინტერესებულია იმ რეფორმების გატარებაში, რომლებიც მოწოდებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების გაუმჯობესებისკენ, – ნათქვამია ტელეგრამაში,  – მართალია, ეს კარგი მუშაობა არ ცვლის მის წარსულს, მაგრამ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში მინისტრის მხრიდან ცუდი საქციელის ან ცუდი მოპყრობის შესახებ ცნობები არ ყოფილა“.

ამავე ტელეგრამის, ისევე, როგორც კიდევ ერთი სხვა კონფიდენციალური გზავნილის, თანახმად, ახალაია მეტ თავშეკავებას იჩენდა ამერიკული იარაღის შესყიდვის წინ წამოწევის კუთხით.

როგორც კერძო, ისე საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად ითხოვენ ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო სისტემების შეძენას რუსეთიდან შესაძლო მორიგი შემოტევის მოსაგერიებლად. 2010 წლის თებერვლის ერთ-ერთ დიპლომატიურ გზავნილში ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები შიშობენ – რუსეთი კვლავ ეძებს მიზეზს მორიგი აგრესიის განსახორციელებლად, ისინი „ზედმეტად ფოკუსირებულნი არიან შეიარაღების შესყიდვის საკითხზე“.

მაგრამ როგორც აშშ-ის ხელისუფლების საჯარო განცხადებებიდან ჩანს, ვაშინგტონი მეტ აქცენტს განათლებასა და წვრთნაზე აკეთებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უნარების გაზრდის მიზნით, ვიდრე მომავალში რაიმე ნაბიჯებს გადადგამდეს იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. 2009 წლის დეკემბრის ერთ-ერთ ტელეგრამაში ნათქვამია, რომ აშშ-მ შეცვალა აქცენტები და მნიშვნელოვანი რესურსები მიმართა იმ მიდგომის მხარდასაჭერად, რომელიც აღწერილია როგორც  „ჭკუა, ვიდრე უხეში ძალა“.

WikiLeaks-ის მასალებიდან: საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობაზე აშშ-ის ორი დიპლომატის მოსაზრება

„[ახალაიასთვის] გასაგებია, რომ ამერიკული ლეტალური აღჭურვილობის შეძენა ახლოვადიანი შესაძლებლობა არ არის“, – ნათქვამია 2009 წლის 10 ოქტომბრით დათარიღებულ დიპლომატიურ გზავნილში.

კიდევ ერთი ტელეგრამის თანახმად, ახალაიამ 2009 წლის 2 სექტემბერს ნატოს დიპლომატებს განუცხადა, რომ „ახალი იარაღის შესყიდვის განსახილველად ჯერ საფუძველი არ არის, მაგრამ როცა ქართველი ჯარისკაცები იქნებიან უკეთ გაწვრთნილები და განათლებულები, მათ უფრო მოწინავე ტექნოლოგიები დასჭირდებათ“.

ერთ-ერთი დიპლომატიური გზავნილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების პროცესს ახასიათებს როგორც მოუგვარებელ „დიდი ხნის სისუსტეს“. 2009 წლის დეკემბრის კიდევ ერთი ტელეგრამის თანახმად, ახალაიამ აღიარა ეს სისუსტე და განაცხადა, რომ სამინისტრო შესყიდვების სისტემის რეფორმირებას მოახდენს.