სამართალი
კახელი გლეხები ისევ მოატყუეს!

gvino7კახეთი. 12 სექტემბერი. საქინფორმი. „კარგად ორგანიზებული რთველისა“ და „სწორად შემუშავებული გეგმის“ მიუხედავად, რაზეც გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კახეთში სტუმრობისას საუბრობდა, მევენახეებს ყურძნის ჩაბარებაზე პრობლემა მაინც შეექმნათ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ორი დღეა, წნორის ღვინის ქარხანასთან 15 სატვირთო ავტომობილია გაჩერებული. გლეხების ყურძნით დატვირთული მანქანებიდან წვენი იღვრება, თუმცა კომპანია „გრუზვინპრომი“ ნედლეულს არ იბარებს. მას შემდეგ, რაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები ქარხანაში მივიდნენ, მწარმოებლებმა ყურძნის მიღება დაიწყეს, თუმცა ჟურნალისტების წამოსვლის შემდეგ შეწყვიტეს. მიზეზად კი იმ გარემოებას ასახელებენ, რომ გლეხებს შერეული ყურძენი მიაქვთ, არადა, მევენახეებს ორმაგი გარჯა უწევთ – ყურძნის ორ ჯიშს ცალ-ცალკე კრეფენ. ქარხანა მათ ამავე მიზეზით ყურძნის 40-ის ნაცვლად, 20 თეთრად ჩაბარებას სთავაზობს, რაც გლეხებისთვის ზარალია.

ერთ-ერთი ტრადიციული პიარკამპანიის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ყურძნის უხვი მოსავლიდან გამომდინარე, გასულ წლებთან შედარებით, წელს უფრო მაღალი ეკონომიკური ეფექტია მოსალოდნელი“, თუმცა კახელებს „ფიცი სწამთ, ბოლო აკვირვებთ“, რადგან მათი შრომა წნორის ღვინის ქარხანასთან „იღვრება“.

„რთველი კახეთში ჩვენთვის ჩვეულებრივი მოვლენა არ არის – ეს ძალზე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური, პოლიტიკური საკითხია“, – ამტკიცებს სააკაშვილი. როგორც ჩანს, სხვა განცხადებების მსგავსად, ესეც მხოლოდ განცხადებად რჩება. სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი კი ირწმუნება, რომ „კახეთში ყურძენი ჯერ კიდევ რჩება შემოსავლის ძირითად წყაროდ და წინასწარი ინფორმაციით, წელს მოსავალი 50 პროცენტით გაიზრდება, რაც კახეთს, დაახლოებით, 60 მილიონ ლარს მოუტანს“. ხელისუფლების წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნებათ. შესაძლოა, მინისტრი კვეზერელი ნაწილობრივ არ ცრუობს, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოგონილი მიზეზებით გლეხებს ყურძენს მიზერულ ფასად დასტყუებენ, კახელები მილიონებს ნამდვილად იშოვიან, მაგრამ არა კახელი გლეხები, არამედ კახელი მაღალჩინოსნები. თანაც ეს პირველი შემთხვევა როდია – მსგავსი „ზრუნვით“ ხელისუფლება დიდი ხანია, გვანებივრებს.