საზოგადოება
სამეცნიერო კონფერენცია „უწყვეტ გარემოთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები“ ექვს დღეს გაგრძელდება და მასში ქართველ მათემატიკოსებთან ერთად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, შვეიცარიის, ავსტრიის, შვედეთის, ირლანდიის, პოლონეთის, პორტუგალიის, მექსიკისა და რუსეთის 20-მდე უცხოელი მეცნიერი მიიღებს მონაწილეობას.
ქართული მათემატიკური სკოლის ფუძემდებლისა და მსოფლიო დონის ქართველი მეცნიერის, ნიკო მუსხელიშვილის, საიუბილეო კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ საკონფერენციო გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. მათემატიკისა და მექანიკის სამეცნიერო მიმართულებით შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდს დღემდე 50-ზე მეტი საგრანტო პროექტი, საერთო ბიუჯეტით, დაახლოებით, 5 მლნ ლარით აქვს დაფინანსებული.