პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა

 საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის კომერციის დეპარტამენტში შეხვედრა გამართა.

კერძოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხებში კომერციის მდივნის მოადგილესთან, უილიამ კიმიტთან და ინდუსტრიისა და უსაფრთხოების საკითხებში კომერციის მდივნის მოადგილესთან, ჯეფრი კესლერთან.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი. მხარეებმა განიხილეს საქართველო-აშშ-ის პარტნიორობის განვითარება სატრანსპორტო-ლოგისტიკის, რეგიონული ვაჭრობის, ციფრული ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ინოვაციების მიმართულებით. საუბარი შეეხო მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს და ამ მიმართულებით შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს. ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე. ამ კონტექსტში მხარეებმა განიხილეს მზაობა მაღალი ტექნოლოგიების სექტორში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.