თბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა თანამგზავრების ოპერატორმა კომპანია SES-მა განაცხადა, რომ საქართველოს მობილურ ოპერატორ „მაგთიკომთან“ გრძელვადიანი შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მაგთიკომი SES-ის თანამგზავრის მეშვეობით საქართველოში პირველ სატელიტურ „ფეი-ტივის“ ტიპის სერვისს დაიწყებს 2012 წლის იანვრიდან.
როგორც SES-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მაგთიკომი მომხმარებელს სტანდარტული და მაღალი გარჩევადობის (SD და HD) ადგილობრივ და საერთაშორისო არხებს შესთავაზებს, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება 60-სანტიმეტრიანი თეფშების მეშვეობით.
„მაგთიკომის მიერ DTH [direct-to-home] პლატფორმის დაწყება კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ SES-ს შესწევს უნარი, დაეხმაროს ბაზარზე ახლად შემოსულ კომპანიებს წარმატების მიღწევაში“, – განაცხადა SES-ის მთავარმა კომერციულმა დირექტორმა ფერდინანდ კაიზერმა.
„SES-თან ერთად ჩვენ დავაჩქარებთ ციფრული [მაუწყებლობის] დანერგვას საქართველოში, – განაცხადა მაგთიკომის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ლიმ, – ჩვენი პარტნიორის შესანიშნავი სატელიტური შესაძლებლობებითა და ტექნიკური მიღწევებით ჩვენ ქართველ მაყურებლებს მივაწვდით უმაღლესი ხარისხის ციფრულ სატელევიზიო მომსახურებას... ეს ქართველ მაყურებელს პირველად მისცემს შესაძლებლობას, მიიღოს ქართული ფეი-ტივის შეთავაზება სატელიტის მეშვეობით“.
მაგთიკომი აპირებს, კომპანიის გეგმების შესახებ ცნობები ოდნავ მოგვიანებით გამოაცხადოს.
GMG იყო პირველი ადგილობრივი კომპანია, რომელმაც საქართველოში ფეი-ტივის სერვისი დაიწყო, თუმცა ის ექვს სატელევიზიო არხს გადასცემს საკაბელო ქსელის მეშვეობით და არა სატელიტით. GMG-ის ბაზარზე შემოსვლის შემდეგ ადგილობრივმა საკაბელო არხებმა შეწყვიტეს რუსული ფეი-ტივის მომწოდებლის – „HTB პლუსის“ ტრანსლირება.