სამართალი
ტყიბულის მაღაროში აფეთქებას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

vzriv-na-Saxteთბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. ერთი მაღაროელის, 35 წლის თემურ გაბრიაძის, სიცოცხლე ემსხვერპლა 9 სექტემბერს ტყიბულში მინდელის სახელობის მაღაროში მიმდინარე აფეთქებით სამუშაოებს.

მაღაროს მმართველი კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე ავთანდილ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ  „ქვანახშირის მოპოვების დროს დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი“, თუმცა მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, რომელიც ამ შემთხვევის გამომწვევ ზუსტ მიზეზებს დაადგენს.

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტ თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, ქვანახშირის საბადოს აფეთქებითი სამუშაოებისას თემურ გაბრიაძე შეუსაბამო და არაუსაფრთხო ადგილას იმყოფებოდა,  რამაც გამოიწვია მისი დაშავება, მოგვიანებით კი, მაღაროდან ამოყვანის შემდეგ – გარდაცვალება.

თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, ამ შემთხვევის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.

ბოლო სამ წელიწადში მაღაროელი გაბრიაძე უკვე მეათე მსხვერპლია. 2011 წლის იანვარში მომხდარ აფეთქებას ერთი მაღაროელის სიცოცხლე შეეწირა; 2010 წელს ამავე მაღაროში მარტსა და აგვისტოში მომხდარი ორი აფეთქების შედეგად რვა მაღაროელი დაიღუპა, ხოლო 2009 წლის დეკემბერში ერთი მაღაროელი ემსხვერპლა დამცავი ჯებირის ჩამოშლას.

ტყიბულის მაღაროს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის შვილობილი კომპანია „საქნახშირი“ მართავს. ამ ჯგუფის დამფუძნებელია დეპუტატი მმართველი პარტიიდან დავით ბეჟუაშვილი – დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ გელა ბეჟუაშვილის ძმა.

იანვარში მომხდარი აფეთქებისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკაცრად გააკრიტიკა მაღაროს მფლობელები ამგვარი ინციდენტების გამო და განაცხადა, რომ მათ მორიგი აფეთქება არ უნდა შერჩეთ. ამ გაფრთხილების შემდეგ სამართალდამცველებმა კომპანიის ორი თანამშრომელი დააკავეს სამთო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის ბრალდებით.