საზოგადოება
ხევსურეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა

shatiliiiხევსურეთი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. წელს ხევსურეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა. ამის შესახებ  შატილში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელები აცხადებენ. „სასტუმროში ოთხი ნომერი გვაქვს. წელს ნომრები ვერ გავაქირავე. ივნისსა და ივლისში ტურისტები საერთოდ არ იყვნენ. აგვისტოშიც ცოტა ტურისტი ამოვიდა“, – აღნიშნავს ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელი ვაჟა ჭინჭარაული. კოშკში განთავსებული სასტუმროს მეპატრონე დავით ჭინჭარაული კი ამბობს, რომ ხევსურეთში ტურისტების რაოდენობამ გასულ წელს ათენგენობის დღესასწაულზე მომხდარი ავტოკატასტროფის შემდეგ იკლო.

დუშეთის ტურიზმის სამსახურის უფროსი ზურაბ ჭინჭარაული ხევსურეთში ტურისტული სეზონის ჩავარდნას არ ადასტურებს. „ტურისტული სეზონი ჯერ არ დამთავრებულა და, შესაბამისად, ზუსტი მონაცემები არ გვაქვს. იმედია, გასულ წელთან შედარებით წელს შატილს ორჯერ მეტი ტურისტი ეწვევა“, – აცხადებს იგი.

ტურისტული სეზონი ხევსურეთში სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება, თუმცა ადგილობრივები ტურისტების რაოდენობის ზრდას ამ ორიოდე კვირაში აღარ ელოდებიან.