პოლიტიკა
სტრატეგიული ობიექტები მმართველი პარტიის ხელისუფლებაში დარჩენის ინტერესს ეწირება

strategiuliთბილისი. 10 სექტემბერი. საქინფორმი. პარლამენტის ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის – ლევან ვეფხვაძის განცხადებით, „ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით „ნაციონალურ მოძრაობას“ მომავალი საარჩევნო წლისთვის ნახევარი მილიარდი ლარი სჭირდება და რკინიგზის, ელექტროსისტემისა და მაგისტრალური გაზსადენის აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გატანის გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული“. ეს განცხადება ვეფხვაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტის პირველი მოსმენით განხილვის დროს გააკეთა, რომლის ამოქმედების შემდეგ მთავრობა აღნიშნული სტრატეგიული ობიექტების აქციების საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე გაყიდვის უფლებას მიიღებს.

ვეფხვაძე უსაფრთხოების საკითხებზეც  საუბრობს და დარწმუნებულია, რომ „რკინიგზაში, ელექტროსისტემასა და მაგისტრალურ გაზსადენში პოლიტიკურად მოტივირებული ფული, კერძოდ კი, რუსეთის ფინანსები ჩაიდება“.

დეპუტატი აქცენტს კიდევ ერთ საფრთხეზე აკეთებს: „მაგისტრალური გაზსადენის აქციების კომპანია „სოკარის“ მიერ შეძენის შემთხვევაში საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვას შეუწყობს ხელს“.

ამ მოსაზრებებზე დაყრდნობით ვეფხვაძე უმრავლესობას კანონპროექტის განხილვის პროცედურის შეჩერებას სთხოვს, თუმცა უმრავლესობა ამ წინადადების გაზიარებას არ აპირებს.