პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის განკარგულებას ხელი მოაწერა

 საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.

განკარგულება, რომელიც 26 იანვარს გამოიცა, უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

უკრაინული საინფორმაციო წყაროების მონაცემებით, ბროდოვიჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში 1996 წლიდან მუშაობს; იყო უკრაინის კონსული სტამბულში, გენერალური კონსული – კრაკოვში, ხოლო 2015-2022 წლებში – უკრაინის სრულუფლებიანი ელჩი სლოვენიაში.

ცნობისთვის, უკრაინამ საქართველოდან ელჩი 2022 წლის პირველ მარტს გაიწვია. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.