პოლიტიკა
2009 წლის აქციების დროს სააკაშვილი გაჩეჩილაძეს პრემიერმინისტრობას სთავაზობდა

teftiiiiiiiთბილისი. 9 სექტემბერი. საქინფორმი. სკანდალური საიტი „WikiLeaks“ საქართველოს შესახებ მორიგ მასალებს აქვეყნებს, რომლებიც 2009 წლის აპრილ-ივნისის საპროტესტო აქციებს ეხება.

„4 ივნისისთვის პროტესტი შესუსტებულია და, როგორც ჩანს, მუხტს კარგავს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის მაშინდელი ელჩის, ჯონ ტეფტის, 2009 წლის 5 ივნისით დათარიღებულ დიპლომატიურ გზავნილშია აღნიშნული. დოკუმენტში ელჩი არასაპარლამენტო ოპოზიციონერ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შესახებაც წერს, რომელიც ორგანიზაციის – „ალიანსი საქართველოსთვის“, ლიდერის ინიციატივით გაიმართა.

„შეხვედრისას ალასანიამ დაადასტურა, რომ ლევან გაჩეჩილაძე ესაუბრება ხელისუფლებას. ალასანიას ცნობით, გაჩეჩილაძემ უთხრა, რომ თავად პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის მზად მასთან, როგორც პრემიერ-მინისტრის პოტენციურ კანდიდატთან, შესახვედრად. ალასანია მხარს უჭერს მოლაპარაკებებს. გაჩეჩილაძის მზადყოფნა – ზოგიერთ არასაპარლამენტო ლიდერთან ერთად კომპრომისის რეალისტური სცენარი განიხილოს, მცირე, მაგრამ საყურადღებო გამოვლინებაა“, – აღნიშნავს ელჩი საკუთარ გზავნილში.

„WikiLeaks“-ის მასალების მიხედვით, ალასანიამ ტეფტს უთხრა, რომ თავად და ზოგიერთი გაწონასწორებული ოპოზიციონერი ლიდერი გაჩეჩილაძისა და ხელისუფლების მოლაპარაკებებს მხარს უჭერდნენ მაშინ, როცა ოპოზიციის რადიკალური ფრთის წარმომადგენლები ამ პროცესს ეწინააღმდეგებოდნენ. „მიხეილ სააკაშვილთან პოტენციური შეხვედრა ფრთხილად დაიგეგმა, მაგრამ გაჩეჩილაძემ სიმხდალე გამოიჩინა. მიუხედავად ამისა, ალასანია ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრა შედგება. თუმცა, როგორც ის ამბობს, მისი კავშირი სპიკერ ბაქრაძესთან დროებით შეწყდა და არანაირი წინსვლა მოლაპარაკებებში არ დაფიქსირებულა. ალასანია აღიარებს, რომ დროებით ჩამოშორდა მოვლენებს, როცა მთავრობამ გაჩეჩილაძისკენ მიმართა ყურადღება“, – აღნიშნულია ტეფტის გზავნილში.