საზოგადოება
„უკეთესი პირობების სახელით“ სკოლების დახურვა გრძელდება

skolebiმარტვილი. 9 სექტემბერი, საქინფორმი. მარტვილის მუნიციპალიტეტის 40 საჯარო სკოლიდან 4 გაუქმებულია. ეს გადაწყვეტილება განათლების სამინისტრომ პროექტ „უსაფრთხო სკოლის“ ფარგლებში მიიღო. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლეციცხვაიეს პირველი; ნამიკოლაოს, წინკვერვეს და მარტვილის N3 საჯარო სკოლები „ტერიტორიულად ახლოს“ მდებარე სკოლებს შეუერთდა. ასობით მარტვილელ მოსწავლეს 15 სექტემბრიდან კილომეტრების გავლა სხვა სკოლებისკენ მოუწევთ. განათლების სამინისტროს მოსწავლეების გადაადგილებისთვის არ უზრუნვია და არც სასკოლო ავტობუსი გამოუყვია. ეს შესაძლებლობა სამინისტრომ ისედაც დაბალბიუჯეტიანი სკოლების პრეროგატივად დატოვა და სკოლის დირექტორის გადასაწყვეტია, დახარჯავს თუ არა ფულს ბავშვების სოფლებში გადასაყვანად.

განათლების სამინისტროს მარტვილის რესურსცენტრის დირექტორ სონია ჭოჭუას თქმით, ოპტიმიზებული სკოლის მასწავლებლების მცირე ნაწილი დასაქმდა, რადგან სკოლებში კონტინგენტი უკვე შევსებული იყო. მაგალითად, მარტვილის მესამე სკოლის 32 მასწავლებლიდან მხოლოდ 5 განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას. დასაქმების მაჩვენებელი ბევრად ნაკლებია სოფლის გაუქმებულ სკოლებში.

მარტვილის 4 სკოლის გაუქმება შაშკინის უწყებისთვის პირველი შემთხვევა არ არის. განათლების სამინისტრომ წელს საქართველოს მასშტაბით არაერთი სკოლა გააუქმა. სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს მოსწავლეთათვის უკეთესი გარემოსა და პირობების შესაქმნელად კეთდება. თუმცა მოსწავლისთვის უკეთეს პირობებად ნამდვილად არ შეიძლება ჩაითვალოს ზამთარში 3-5 კილომეტრის ფეხით სიარული და სკოლაში გათოშილი მისვლა.

რამდენად შეიძლება სკოლების შემცირება განათლების სისტემაზე დადებითად აისახოს, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია.

როგორც სკოლიდან გათავისუფლებულმა 62 წლის („მათი“ ტერმინოლოგიით, უკვე მოხუცმა) პედაგოგმა საქინფორმის კორესპონდენტთან საუბარში განაცხადა, „სკოლაში სწვლის გარდა ყველაფრის წესრიგია. გაკვეთილზე რაზეც გინდა, იმაზე ისაუბრე, კაციშვილს არ აინტერესებს, რას ხსნი. მთავარია, წესრიგი და გაცდენებზე „არა“ დაწერო. ნამდვილი რეჟიმია, ნამდვილი!“