სამართალი
ქსნის ციხეში პატიმრებს უმოწყალოდ სცემეს

beselia66თბილისი. 9 სექტემბერი. საქინფორმი. როგორც საზოგადოებრივ მოძრაობაში – „სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ – განმარტავენ, „2011 წლის 8 სექტემბერს ორგანიზაციის ოფისში ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან შესაბამისი განცხადება შევიდა, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული.

„მათი განმარტებით, 2011 წლის 3 სექტემბერს სასჯელაღსრულების N15 დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, დაახლოებით, 15-20-მა თანამშრომელმა, სრულიად უმიზეზოდ პლასტმასის ხელკეტებით უმოწყალოდ სცემა პატიმრებს, რის შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო რამდენიმე დაკავებულმა. აღნიშნული მსჯავრდებულები ითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას. ასახელებენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ვინც მონაწილეობდა მათ წამებასა და ცემაში“, – აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ბესელიას ორგანიზაცია იუწყება, „მსჯავრდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, რომ ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დაუპატიმრებენ ოჯახის წევრებს, ხოლო მათ 10-15 წელს დაუმატებდნენ სასჯელის სახით სხვადასხვა ბრალდებით“.

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურად მოძრაობის ლიდერი ეკა ბესელია ორგანიზაციის ოფისში დღეს დაგეგმილ ბრიფინგზე ისაუბრებს.