აქტუალური
ინფლაცია საქართველოში 2011 წლის აგვისტოს მაჩვენებლების მიხედვით

inflacia55თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. საქსტატის მიერ საქინფორმისთვის გამოგზავნილი მაჩვენებლების მიხედვით, 2011 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 1,1 პროცენტი შეადგინა.

მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფის ფასები გაიზარდა 1,6 პროცენტით და მისმა წვლილმა აგვისტოს ინფლაციაში 0,69 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი ( 10,3 პროცენტით), ბოსტნეული, ბაღჩეული, კარტოფილი და სხვა ბოლქვოვანები (4,5 პროცენტით), თევზეული (3,0 პროცენტით). ამასთან, ხილსა და ყურძენზე ფასები შემცირდა 8,0 პროცენტით; ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა 2,2 პროცენტით. ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 0,25 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები სატრანსპორტო მომსახურებაზე 3,2 პროცენტით გაიზარდა, საწვავზე – 1,9 პროცენტით.

რაც შეეხება 2011 წლის აგვისტოს ინფლაციას გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 7,2 პროცენტი შეადგინა.

12-თვიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 12,5 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 5,2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა ხორცსა და ხორცის პროდუქტების ქვეჯგუფზე (25,8 პროცენტი), ზეთსა და ცხიმის ქვეჯგუფზე (20,2 პროცენტი), შაქარსა და ტკბილეულობის ქვეჯგუფზე (19,2 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (18,1 პროცენტი), პურსა და

პურპროდუქტების ქვეჯგუფზე (17,5 პროცენტი), ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (15,6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე 12,4 პროცენტით; ტრანსპორტი: ფასები გაიზარდა 18,3 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 1,9 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღნიშნულ ჯგუფში ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სატრანსპორტო მომსახურების ქვეჯგუფსა (23,8 პროცენტი) და საწვავის ქვეჯგუფზე (20,5 პროცენტი).

2011 წლის აგვისტოში 2010 წლის აგვისტოსთან შედარებით ფასების 13,7-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა კავშირგაბმულობის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც ინფლაციის საერთო მაჩვენებელში -0,6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.