აქტუალური
ბორჯომის მწარმოებელი „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებებს ადასტურებს

ids_borjomiთბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. კომპანია „IDS Borjomi International“-ის განცხადებით, რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა მიაღწიოს მინერალური წყალი „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნებას.

კომპანიის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ნატალია მატუსევიჩმა აღნიშნა, რომ კომპანია ურთიერთობს რუსეთის ხელისუფლებასთან ბაზარზე „ბორჯომის“ დაბრუნების მიზნით. რუსეთმა ქართული მინერალური წყლების იმპორტი მომხმარებელთა უსაფრთხოების მოტივით 2006 წელს აკრძალა.

„ჩვენ რიგი მიმართვები და თხოვნები წარვადგინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით მომხმარებელთა უფლებების დაცვის რუსეთის ფედერალურ სამსახურში“, – განაცხადა მატუსევიჩმა.

„IDS Borjomi International“, რომლის მფლობელიცაა საინვესტიციო ფირმა „Salford Capital Partners Inc.“, აერთიანებს რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში მინერალური წყლების ჩამომსხმელ საწარმოებს. „IDS Borjomi Georgia“, რომელიც ადრე ცნობილი იყო „მინისა და მინერალური წყლების კომპანიის“ (GG&MW) სახელით, ამ ჯგუფის ფილიალია საქართველოში, რომელსაც ეკუთვნის „ბორჯომის“ სამარკო ნიშანი და ამ მინერალური წყლის წარმოების  ექსკლუზიური უფლება.

კომპანიამ, რომლის სათავო ოფისიც კიევშია განთავსებული, განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც „როსპოტრებნადზორმა“ 6 სექტემბერს განაცხადა, რომ მისი თანამშრომლები „IDS Borjomi International“-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდნენ, რათა განეხილათ ქართული „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობები.

გასულ თვეს „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ მას „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნების თხოვნით მიმართეს. „IDS Borjomi International“-ის ფილიალმა საქართველოში უარყო ეს ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მას არანაირი მსგავსი მიმართვა არ გაუკეთებია.

მიმდინარე კვირას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ „გადამოწმებული ინფორმაციით, არავითარ ასეთ მიმართვას ადგილი არ ჰქონია“ ქართული კომპანიის მხრიდან. მან, ასევე, ივარაუდა, რომ ეს არის რუსეთის „მორიგი სპეკულაცია“ იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებას უკავშირებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების პირობებზე შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე ქართულ-რუსულ მოლაპარაკებებს, რომლის მომდევნო რაუნდიც 12 სექტემბერს არის დაგეგმილი. ემბარგოს თემა, ქართული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებების საგანს არ წარმოადგენს, რადგან რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს ამ პოლიტიკურად მოტივირებული სანქციის მოხსნა, თუ ის მსო-ს წევრი გახდება.

საჯარო განცხადებებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენენ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნების საკითხის მიმართ; 2006 წელს მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვასთან ერთად რუსეთმა ემბარგოც დააწესა ქართულ ღვინოზე.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 3 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსული ბაზარი „არის აგებული ყაჩაღობაზე, პირატობაზე, ფლიდობაზე და უკანონობაზე“ და რუსეთმა რომც დაუშვას ქართული ღვინო ბაზარზე, „შეიძლება ერთ დღეს ისევ პანღური ამოგარტყან და უკან გამოგაგდონ“. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ვიდრე რუსეთი საქართველოს განიხილავს, როგორც „დიდ პრობლემას“, „არაფერი კარგის იმედი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ არ უნდა გვქონდეს. მითუმეტეს, რომ ტყუილების დიდოსტატები არიან [რუსეთის] მთავრობის წარმომადგენლები“.

იმ მცდელობის ფარგლებში, რომ ქართული ფილიალი გაიმიჯნა „როსპოტრებნადზორთან“ მოლაპარაკებებისგან, „IDS Borjomi International“-მა ხაზი გაუსვა თავის 7 სექტემბრის განცხადებაში, რომ „ბორჯომის რუსეთისთვის მიწოდების აღდგენის საკითხი „IDS Borjomi International“-ის სათავო ოფისის კომპეტენციაში შედის“.

„მოლაპარაკებებსა და მიმოწერას რუსეთისა და საქართველოს შესაბამის უწყებებთან ჯგუფის სათავო ოფისის წარმომადგენლები ახორციელებენ“, – აცხადებს კომპანია.