პოლიტიკა
რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტ მიხეილ ხუბუტიას განცხადება

xubutაღშფოთებული ვარ იმ სიტუაციით, რომელიც მოსკოვში საქართველოს ინტერესების სექციის გარშემო ყალიბდება – ვგულისხმობ ბიზნესცენტრ ოსტოჟენკას ოსტოჟენკას ქუჩაზე და ყოფილ სასტუმრო თბილისს სკატერტნი შესახვევში. რუსეთ-საქართველოს, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე მარტივი ურთიერთობის პირობებში საქართველოს ხელისუფლების არაშორსმჭვრეტელური ეკონომიკური გადაწყვეტილებები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკურ კალაპოტში გადაჰყავს. ეს არაპროფესიულია, რადგან ყველასათვის ცნობილია, რომ ამ ამბის არსი სულ სხვა სიბრტყეში ძევს. იმის გასაგებად, თუ რა ხდება სინამდვილეში, ცოტა უკან უნდა გავიხედოთ.

დიახ, უდავოა, რომ ქართველებს რუსეთში აუცილებლად უნდა ჰქონდეთ წარმომადგენლობა. ჩვენს ქვეყნებს პირდაპირი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ, რამდენიმესაუკუნოვან თანაცხოვრებას, მეგობრობასა და თანამშრომლობას ხომ უკვალოდ არ ჩაუვლია: ეს გახლავთ უამრავი რუსულ-ქართული ოჯახური წყვილი, კულტურული გადახლართვა, მეცნიერული და კვლევითი ნაშრომები, ერთობლივი პროექტები. რა თქმა უნდა, მოსკოვში უნდა იყოს ადგილი, სადაც ნებისმიერ ქართველს, ნებისმიერ რუსს შეეძლება თავისი პრობლემებით, თხოვნით, წინადადებებით მივიდეს. და დიპლომატიურ დონეზე დიალოგიც, რაიმე ფორმით მაინც, უნდა შენარჩუნდეს! პირველ რიგში, ეს თავად საქართველოს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს და ამგვარი მოლაპარაკების პუნქტის შესაქმნელად დგამდეს ნაბიჯებს.

მაგრამ რას აკეთებდა ის რეალურად?! ქმნიდა თუ არა პლატფორმას ურთიერთქმედებისათვის? ყველამ კარგად უწყის, რომ საქართველოს ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აქტიურად დაიწყო რუსეთში საქართველოს აქტივების თავიდან მოშორება. ერთ-ერთი პირველი გაყიდული ობიექტი იყო კულტურული ცენტრი მზიური ძველ არბატზე. არადა ეს, შეიძლება ითქვას, წმინდა ადგილი იყო რუსეთში მყოფი ნებისმიერი ქართველისათვის: აქ ჩვენ თავს ისე ვგრძნობდით, როგორც საკუთარ სახლში, შეგვეძლო მშობლიური მეტყველება მოგვესმინა, ქართულად გველაპარაკა, საყვარელ მსახიობებს, სპორტსმენებს, მხატვრებს, მეცნიერებს შევხვედროდით. საქართველოს ხელისუფლებას მაშინ მოსკოვში მცხოვრები რამდენიმე ქართველი ბიზნესმენისთვის რომ შეეთავაზებინა ამ შენობის ერთობლივად გამოსყიდვა და იქ ქართული კულტურის ცენტრის შენარჩუნება (სადაც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ათწლეულების განმავლობაში ეცნობოდნენ ქართულ ხელოვნებას – სიმღერებს, ცეკვებს, ფერწერას, აგემოვნებდნენ ქართულ სამზარეულოს), მსურველები უეჭველად გამოჩნდებოდნენ! მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას აშკარად არ სურდა რუსეთში ქართული კულტურის კერის შენარჩუნება, და შენობა სასწრაფოდ გაასხვისეს...

ამის შემდეგ ოსტოჟენკაზე მდებარე საკონსულოს შენობის ჯერი დადგა, რომელიც ერთმა კომპანიამ შეიძინა, ექვსიოდე თვის წინათ სხვა კომერციულ ფირმას მიჰყიდა და ამით რამდენიმე მილიონი დოლარი მოიგო. ახალ მფლობელს კი, რაღა თქმა უნდა, უფლება აქვს, შენობის დაცლა მოითხოვოს.

მე თავად ვარ იმის მოწმე, როგორ სურდა საქართველოს ხელისუფლებას სკატერტნი შესახვევში მდებარე სასტუმრო თბილისის გაყიდვა. ისინი უკვე მოელაპარაკნენ ინვესტორებს, თუმცა ამ შენობაზე უფლების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი არ ჰქონდათ, და მაშინ მისი დასაკუთრება რომ მოეხერხებინათ, დაუყოვნებლივ მოიშორებდნენ თავიდან.

თავის დროზე მე (პირადად, საკუთარი ფულით) გავარემონტე რუსეთში საქართველოს საელჩოს შენობა (მალი რჟევსკი შესახვევი). გგონით, ვინმემ მადლობა მითხრა?! ვერ წარმოიდგენთ, ამის გამო რა თავდასხმა დაიწყო ჩემზე ქართულ პრესაში!..

ანუ საქართველოს ხელისუფლებას არცერთი გაყიდული შენობა არ სჭირდებოდა! ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ამბავში არანაირი პოლიტიკა არ არის, ეს ყველაფერი წმინდა წყლის სპეკულაციაა, რომლითაც, სამწუხაროდ, ადამიანებს ატყუებენ. ხელისუფლებას მართლაც რომ სურდეს, მოსკოვში წარმომადგენლობითი ადგილები იქონიოს ექნებოდა კიდეც, და ნამდვილად არავინ შეუქმნიდა დაბრკოლებებს. ჯერჯერობით კი ლაპარაკია მხოლოდ კომერციაზე, როგორც ჩანს, გასაყიდი ქონების მოძიება კვლავაც გრძელდება.

რა შუაშია აქ პოლიტიკა?!

 

მიხეილ ხუბუტია