რედაქტორისგან
„ქართული ჯიგრული დემოკრატია“: არნო ხიდირბეგიშვილის 10 შეკითხვა ირაკლი კობახიძეს

    შეკითხვა №1

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

მიგვაჩვიეს, რომ „რევოლუცია“, „სტალინი“ და „1937 წელი“ ცალსახად ცუდია. მაგრამ განა ის, რასაც თქვენ სტალინის პიროვნების კულტის დაგმობიდან 70-წლისთავზე აკეთებთ, რევოლუცია არ არის? განა რევოლუცია არ არის, როცა კორუმპირებულებს ამხელენ, მათი ნაცნობობის, ფულისა და მაღალი თანამდებობების მიუხედავად? როცა ქვეყნის მბრძანებლებსა და უცხოელ აგენტებს შორის ანტისამთავრობო შეთქმულებები სააშკარაოზე გამოაქვთ? როცა საბოტაჟს -კარტელურ შეთანხმებებს იძიებენ, რომელთა გამოც საკვებისა და მედიკამენტების ფასები სპეკულაციურად მაღალია?

მაგრამ შეძლებთ, როსიკვდილით დასჯის გარეშე მიაღწიოთ იმ შედეგს, რაც სტალინმა მიიღო? როდესაც გასტრონომებში შავი ხიზილალა იყო და ქვეყანაში კორუფცია და უმუშევრობა არ იყო? როდესაც ფასები მუდმივად მცირდებოდა, განათლება და ჯანდაცვა უფასო იყო და დოლარი კაპიკები ღირდა? ეგებ, საქართველომ სიკვდილით დასჯა აღადგინოს, როგორც შეერთებული შტატების უმრავლესობაში, რასაც პრევენციის ეფექტი ექნება?

ვინ აუხსნის ისტორიის გაყალბებულ სახელმძღვანელოებზე გაზრდილ თაობებს, რომ არსებობს სხვადასხვა სახის რევოლუციები - „ვარდისფერი“, „ნარინჯისფერი“, „ცისფერი“ და „წითელი“? რომ სტალინი იძულებული იყო უკიდურესი ზომებისთვის მიემართა მავნებლებისა და ხალხის მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან „მგლის თავზე სახარების კითხვა“ უშედეგოა? რა ფერის „რევოლუცია“ იყო გასული წლის 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობა? ითვალისწინებს თუ არა თქვენს მიერ ინიცირებული განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმა   ისტორიის ახალი ქართული სახელმძღვანელოების შექმნას?

 

შეკითხვა №2

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როგორ მოხდა, რომ „ქართული ოცნება“ კორუფციის მხრივ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაეწია? იმიტომ ხომ არა, რომ მოუსყიდავი პროფესიონალები კანონიერების დაცვისა და კანონშემოქმედებისგან შორს მდგარ პოზიციებზე გადაიყვანეს, ხოლო უპრინციპო დილეტანტები საეჭვო ბექგრაუნდით მინისტრებად, პროკურორებად და სხვა საკვანძო პოსტებზე დანიშნეს? ასე დაატოვებინეს თეა წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობა და ამ პოზიციამ სამართლიანობის აღდგენის საქმეში თავისი წამყვანი როლი მაშინვე დაკარგა; ასე აიძულეს კონსტიტუციონალისტი, საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის ავტორი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადამდგარიყო.

 

შეკითხვა №3

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ქართველი „კანონიერი“ ქურდები ყოველთვის ერთ-ერთი ყველზე მაგარი ქურდების რეპუტაციით სარგებლობდნენ. იქნებ, ამიტომაც არის პატარა საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზე დამნაშავეების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე? რომელი ევროპული ბიუროკრატია ან ამერიკული Deep State შეედრება თავის ქართველ ანალოგებს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში სულ 3 მილიონი მაცხოვრებელია, მაშინ როცა ევროკავშირში - 450 მილიონი, ხოლო შეერთებულ შტატებში 350 მილიონი ცხოვრობს?!

რა სახელი შეიძლება ეწოდოს სახელმწიფოს, სადაც პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, თავდაცვის, სახელმწიფო უშიშროების მინისტრები და გენერალური პროკურორები, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა მინისტრებზე - კოლაბორაციონისტებზე, კორუმპირებულებად, უცხოელ აგენტებად და უბრალოდ კრიმინალებად გამოცხადდნენ? „Разве это нормально?!“ - წამოიძახებდა აქ „მონანიების“ მთავარი გმირი. წარმოგიდგენიათ, საიდუმლო ინფორმაციის რა მოცულობას ფლობენ ისინი, მათი თანამდებობების გათვალისწინებით?

ეგებ აქ არა მხოლოდ საკადრო პოლიტიკა ან მისი არარსებობაა დამნაშავე, არამედ „ქართული ჯიგრული დემოკრატია“, რომელიც დიდი ხანია შესაცვლელია? ბატონო ირაკლი, თქვენ უდავოდ ესაუბრეთ ამ უმსგავსობაზე ბიძინა ივანიშვილს: რას ფიქრობს ამ ყველაფერზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე? ამ სამიდან რომელი ტაქტიკა აირჩიეთ: „მოიპარე და გადადექი — ღმერთმა შეგარგოს!“, „მოიპარე — დააბრუნე და თავისუალი ხარ!“, თუ „მოიპარე? ციხეში!“?

 

შეკითხვა №4

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე იყავით, მთავრობის, განსაკუთრებით ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები ანგარიშს არ გიწევდნენ, 2019 წელს პროვოკაციაც კი მოგიწყვეს („გავრილოვის ღამე“) თქვენი თანამდებობიდან გადასაყენებლად. მაგრამ 5 წლის შემდეგ თქვენ მთავრობის მეთაურად დაბრუნდით და მათ ანგარიში გაუსწორეთ, რადგან ცივი გონება და სუფთა ხელები გაქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქართული ტელევიზიები, რომლებსაც, თურმე, თქვენი მტრები მფარველობენ, დიდი ხნის წინ აჩვენებდნენ „ირაკლი კობახიძის სახლებს, მანქანებსა და ბიზნესებს“. თქვენ კი ისინი არ გაგაჩნიათ, რაც ძალასა და გამბედაობას გმატებთ.

თუმცა, ძერჟინსკი მხურვალე გულზეც ლაპარაკობდა: ბატონო ირაკლი, იქნებ, დააწყნაროთ ქართველები - განაცხადოთ, რომ არაბებს ქართული მიწის ერთ გოჯსაც არ დაუთმბთ? მოქალაქეები ეჭვობენ - ხომ არ მოქრთამა ხელისუფლება არაბმა ინვესტორმა, ისევე როგორც თურქმა ინვესტორმა 1 მილიონი დოლარით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ლილუაშვილი ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის ლობირებისთვის? ხომ არ გაიზიარებს თბილისში, ბათუმსა და გონიოში მრავალფუნქციური კომპლექსების მშენებლობის პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის სავალალო ბედს, როცა მაშინდელი პრემიერის, კვირიკაშვილის დაუდევრობის გამო, ქართველმა გადასახადის გადამხდელებმა ასობით მილიონი დოლარი იზარალეს? ხომ არ დგას კორუფცია ჩინურ კომპანიებთან გარიგებების უკან, რომლებიც აშენებენ „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ და „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ მაგისტრალებს, რომლებიც დროდადრო ინგრევა?

 

შეკითხვა №5

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როცა საქართველოს სატრანზიტო და ტურისტული პოტენციალი სრულად ამოქმედდება, საკმარისი იქნება თუ არა მიღებული გადასახადები სახელმწიფო ეროვნული ინტერესების, პირველ რიგში დასაქმების, სოცილური და ჯანდაცვის უზრუნველსაყოფად?

ამას ამიტომ გეკითხებით, რომ საქართველო კვალიფიციური მუშახელის კატასტროფულ დეფიციტს განიცდის; ყველა ოსტატი საშოვარზე უვიზოდ ევროპაში გაემგზავრა, ხოლო ჩვენთან ლუკმაპურს შოულობენ მიგრანტები ახლო აღმოსავლეთიდან, აზიიდან, აფრიკიდან და ინდოეთიდან, რომლებმაც გასულ ხუთშაბათს უცნაური მსვლელობით გადაკეტეს რუსთაველის გამზირი.

იცოდით, ბატონო ირაკლი, რომ რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქართველოს „არაბიზაციას“, შიშობენ, რომ არაბული კომპანია დიდი გასამრჯელოთი მიიზიდავს საქართველოში დარჩენილ მშენებლებს, მეთუნუქეებს, ელექტრიკოსებს, სანტექნიკოსებს, შემდუღებლებს, მღებავებსა და დურგლებს, ქალაქების ასაშენებლად, რაც სოციალურად გაჭირვებულ ადგილობრივ მოსახლეობას სპეციალისტების გარეშე დატოვებს? კიდევ უფრო უარესი იქნება, თუ არაბული კომპანია მუშებს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩამოიყვანს.

 

შეკითხვა №6

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

რა სასწაულით ხვდება საქართველო მუდმივად მსოფლიო ეკონომიკური რეიტინგების წამყვან პოზიციებზე, თუ მისი ხელმძღვანელები კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები? როდესაც თბილისში ფასები პარიზის ფასებზე ორჯერ მაღალია, რაც ისევ თქვენი წყალობით შევიტყვეთ? წარმოგიდგენიათ საქართველოს პოტენციალი, როგორ აყვავდებოდა ის კორუფციის გარეშე?! თქვენს მიერ დაწყებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგად, შეინარჩუნებს თუ არა საქართველო მაღალ ინდექსებს ეკონომიკური თავისუფლებისა და ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგებში, თუმცა კანონის უზენაესობის ინდექსში მაღლა აიწევს?

წარმოგიდგენიათ, რამდენად ბრიყვებად ჩანან პატიოსანი ადამიანები კორუმპირებული ჩინოვნიკების თვალში? რას ფიქრობენ ისინი ირაკლი კობახიძეზე, რომელიც ძალაუფლებას ფლობს, მაგრამ ქრთამს არ იღებს? სხვათა შორის, თქვენი გაფრთხილების მიუხედავად, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქებში ფასები ჯერ არ დაწეულა. უბრალოდ, ზოგიერთი პროდუქტი, განსაკუთრებით კი მედიკამენტები, მოულოდნელად „დეფიციტური“ გახდა.

 

შეკითხვა №7

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

როგორ მიგაჩნიათ, თქვენ მიერ გამოაშკარავებების შემდეგ, საჭირო ხომ არაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რათა პარლამენტი გაიწმინდოს სამარცხვინოდ დიდი ხელფასების მიმღები ბალასტისგან? რატომ არის პარლამენტში ასე ბევრი სპორტსმენი და ასე ცოტა იურისტი? საერთოდ რატომ უხდიან ხელფასებს მილიონერ დეპუტატებს? ეგებ საჭიროა საქართველოში დაწესდეს რეგულაციები, რომ მდიდრებს (მათი დეკლარირებული შემოსავლის საფუძველზე), რომლებიც სახელმწიფო თანამდებობებს იკავებენ ან არჩეულნი იქნნენ დეპუტატებად, არ მიეცეთ ხელფასები? განა მდიდრები იქეთ არ უნდა იხდიდნენ, არ უნდა იყვნენ ქველმოქმედები ივანიშვილის მსგავსად? განა სახელმწიფო თანამდებობები და სადეპუტატო მანდატები მათ მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დასაცავად და ქრთამის ასაღებად სხვების ბიზნეების ლობირებისთვის არ სჭირდებათ?!

 

შეკითხვა №8

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

საბჭოთა პროპაგანდის ტაქტიკა, როცა მოქალაქეების ყურადღება შიდა პრობლემებიდან საერთაშორისო პრობლემებზე გადაჰქონდათ, უკვე აღარ მუშაობს. რაში ენაღვლებათ ქართველებს, ებრძვის თუ არა ოკეანისგაღმა ტრამპი თავის ოპონენტებს?! განა საკუთარი პრობლემები თავსაყრელად არ გვაქვს, განა სახელმწიფოში მოღალატეები, აგენტები და ჯაშუშები გვაკლია? ვინ უნდა იცოდეს თქვენზე, სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორზე უკეთ, რომ ხალხს მხოლოდ იმის სჯერა, რასაც „ხელით შეეხება“?

შეხედეთ: ქართველებმა იცოდნენ United State-ის შესახებ და უყვარდათ „თანაბარი შესაძლებლობების ქვეყანა“ მისი ჯაზის, ტექნოლოგიური საოცრებებისა და „ამერიკული ოცნების“ გამო. მაგრამ დღეს ქართველებს ეუბნებიან, რომ კარგ United State-თან ერთად არსებობს ცუდი Deep State-იც, რომელიც USAID-ის მეშვეობით მართავდა საქართველოს. იბადება შეკითხვა: თუ საქართველოს მართავდნენ „ცუდი“ ამერიკის, ანუ Deep State-მესვეურები, მაშინ გამოდის, რომ „ქართული ოცნება“ ისეთივე ცუდია, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“?!

სანამ ტრამპი USAID-დახურავდა, განა „ქართულმა ოცნებამ“ არ იცოდა, ვის აფინანსებდა USAID, NED და UKAID საქართველოში? განა არ ყვავიან საქართველოში სოროსის ფონდი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ომბუდსმენები - უცხოელი აგენტები? განა „რესპუბლიკელებმა“ მილიონები არ მიიღეს ივანიშვილისგან? განა „ქართულმა ოცნებამ“ არ დანიშნა ჩუგოშვილი პირველ ვიცე-სპიკერად, ხიდაშელი - თავდაცვის მინისტრად და ამავდროულად მისი ქმარი, უსუფაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ, რისი ანალოგიც ევროპასა და აშშ-ში არ მოიპოვება?!

არანაკლებ კონტრპროდუქტიულია მთავრობის იმიჯისთვის ოპოზიციასთან კინკლაობა - რამელია მათ შორის უფრო „პრორუსული“: საპირისპირო ეფექტი აშკარაა: ევროპული ბიუროკრატიისა და ამერიკული Deep State-ს გამოაშკარავების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას, ბუნებრივია, ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების აღდგენა სურს.

 

შეკითხვა №9

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

რატომ აძლევთ თქვენ, სამართლისა და ფილოსოფიის დოქტორი, პოპულისტებს უფლებას, ეთერში იფილოსოფოსონ შეთქმულების თეორიებზე ბურჟუაზიის შესახებ ლენინის გამოსვლების სულისკვეთებით? „ოქროს მილიარდისა“ და „ოლიგარქების მსოფლიო კლუბის“ შესახებ? რა არის ეს, თუ არა ქარაგმა მილიარდერ ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია ოლიგარქს უწოდებს?

 

შეკითხვა №10

ბატონო პრემიერ-მინისტრო!

ნუთუ არ დადგა დრო, შეიქმნას პროფესიონალთა ჯგუფი და დაინიშნოს პრესსპიკერი, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო საინფორმაციო პოლიტიკას? იმის გამო, რომ საქართველოში მედიის 90% უცხოელი აგენტები არიან, თქვენ თვითონ იძულებული ხართ ყოველდღიურად მისცეთ ინტერვიუები და განმარტოთ პარტიისა და მთავრობის პოლიტიკა. მხოლოდ მათი ნდობა შეიძლება, ვინც დროს გაუძლო და არა თვითმარქვია პიარ-სპეციალისტებისა და კონფორმისტ-ადეპტების, პოლიტიკამ - „დაიმეგობრეთ მტრები, რადგან ნამდვილი მეგობრები ისედაც არ გიღალატებენ“ - არ გაამართლა, ბიძინა ივანიშვილმა ბევრ უღირს ადამიანს მადლი უყო, ხოლო ერთეულები, ვინც 2012 წლიდან დღემდე უანგაროდ უწევს მას და „ქართულ ოცნებას“ უპრეცედენტო ფასდაუდებელ და დაუფასებელ საინფორმაციო მხარდაჭერას, ყურადღების მიღმა დარჩნენ.

ბატონო ირაკლი, რატომ არ ქმნით ძლიერ გუნდს, რომელიც ავტონომიურად იმუშავებს ქვეყანაში მდგრადი სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და ბიძინა ივანიშვილს აღარ მოუწევს მუდმივად ფიქრი საქართველოს ბედზე? გუნდში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ პროფესიონალთა ფართო სპექტრს და არა მხოლოდ ანალიტიკოსებს, მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტებს, რომელთა ჩამოთვლაც საქართველოში თითებზეა შესაძლებელი. დაე თითოეულმა მათგანმა თავისი საქმე აკეთოს, ხოლო ორშაბათობით ტელევიზიით საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის შესახებ განცხადებების გაკეთება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

ბატონო ირაკლი, რევოლუციას შუა გზაზე ხომ არ შეაჩერებთ? ხომ არ გაუცრუებთ იმედებს ქართველ ხალხს, რომელსაც სურს ენდოს მთავრობას, შესაძლოა, ბოლოჯერ?

   გილოცავთ ახალ წელს, დაე თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველო იქცეს ქვეყნად, სადაც ფასდება ნიჭი და პატიოსნება და არა ნაცნობობა და ფული!

   არნო ხიდირბეგიშვილი,
ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „საქინფორმი“-ს გენერალური დირექტორი და მთავარი რედაქტორი, უშიშროების, სტრატეგიული ანალიზისა და საინფორმაციო პოლიტიკის ცენტრის დირექტორი

2026 წლის 5 იანვარი
საქართველო, თბილისი