სამართალი
„ტექნობუმში“ ფინანსური პოლიცია შევიდა

teqnobumiiთბილისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენის – ანზორ ქოქოლაძის, მიერ დაფუძნებულ კომპანია „ტექნობუმში“ ფინანსური პოლიცია მუშაობს. ფინანსური პოლიციის შესვლის ფაქტს კომპანიაში ადასტურებენ, თუმცა დეტალებზე საუბარს ერიდებიან.

როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე გასული წლის აგვისტოში 2008-2009 წლებში სხვადასხვა უკანონო გარიგებებისა და სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისთვის თავის არიდების ბრალდებით დააკავა. მიმდინარე წლის 21 აპრილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მას თავისუფლების 7,5 წლით აღკვეთა მიუსაჯა. საქმე ამ დროისთვის სააპელაციო წესით არის გასაჩივრებული.

გასული წლის 7 მაისს ანზორ ქოქოლაძის კუთვნილი „ელიტ ელექტრონიქსის“ აქციების 55% „თიბისი ბანკმა“ „თიბისი ბროკერის“ საშუალებით 116 ათას ლარად ფარულად შეისყიდა. „ელიტ-ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე ამ გარიგების ბათილად ცნობას მოითხოვდა და თავისი კანონიერი უფლებების აღდგენისთვის სასამართლოში იბრძოდა. არაოფიციალური ინფორმაციით, ქოქოლაძის პატიმრობაში ყოფნა სწორედ აღნიშნულ დავას უკავშირდება, რომელიც სასამართლომ  „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ გადაწყვიტა. მოგვიანებით ქოქოლაძემ საოჯახო ტექნიკის კომპანია „ტექნობუმი“ დააარსა.